როგორ მოქმედებენ ხელის ანტიმიკრობული გელები ინფექციის წინააღმდეგ?

კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით დღითიდღე იზრდება.  უშუალოდ საქართველოში -  ვირუსი აღმოაჩნდა 9 ადამიანს. მიუხედავად ამისა შიში და პანიკა გაცილებით დიდია, რაც მკვეთრად გამოიხატება  დაცარიელებულ სააფთიაქო დახლებში, სადაც არც პირბადეებია დარჩენილი და არც ხელის ანტიმიკრობული გელები, ე.წ. სანიტაიზერები.  რა არის ამ ანტიმიკრობული გელების შემადგენლობაში და რამდენად ეფექტურია ის ხელის დაბანასთან შედარებით?

ხელის დაბანა სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ვიყენებთ მას დაავადების პრევენციისთვის.

ხელის ჰიგიენისთვის უამრავი საშუალება გვაქვს: არამხოლოდ მყარი და თხევადი საპონის ნაირსახეობა, არამედ ანტიმიკობული საპნებიც და ამასთან ყოვლისშემძლე ხელის სანიტაიზერიც. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, უფრო და უფრო ხშირად ვისმენთ რჩევებს როგორ ავიცილოთ ვირუსი, მთავარი პრევენციის მექანიზმი კი ხელის დაბანაა. საინტერესოა რამდენად უფრო ეფექტური იქნება სანიტაიზერის გამოყენება.


იმისთვის რომ შევაფასოთ ე.წ. სანიტაიზერის ეფექტურობა, საჭიროა ვიცოდეთ მისი შემადგენლობა. უმეტესად გვხვდება ორი ტიპის ანტიმიკრობული გელი: სპირტ-შემცველი და არა-სპირტ-შემცველი.

 
სპირტ შემცველ სანიტაიზერებში ძირითადად იყენებენ ეთანოლს. ეთანოლთან ერთად ხშირად შეხვდებით ნ-პროპანოლსა და იზოპროპანოლს. სპირტის შემცველობა ალკოჰოლ-შემცველ გელებში 60-დან 95%-მდე მერყეობს.
გელების შემცველობაში სპირტის გარდა სხვა ინგრედიენტების დამატებას თავისი მიზეზები აქვს. დამატებითი აგენტები რომლებიც აქტიურები არიან ვირუსისა და ბაქტერიების წინააღმდეგ, იგულისხმება ქლორჰექსიდინი ან ბენზალკონიუმ ქლორიდი (ალკინდიმეთილბნზილამონიუმ ქლორიდი, BZK).  სწორედ ეს ორი რეაგენტი დომინირებს  არა-სპირტ-შემცველ სანიტაიზერებშიც. შემადგენლობაში ასევე შეიძლება შეგხვდეთ გლიცერინიც, რაც კანის დამატენიანებლის ფუნქციითაა შეტანილი, ან წყალბადის პეროქსიდი, რომელიც მცირე რაოდენობით შედის გელში და ხელს უშლის სანიტაიზერის ბაქტერიულ დაბინძურებას. ქლორჰექსიდინის შეყვანა სპირტ-შემცველი გელების შემადგენლობაში ზრდის ანტიმიკრობული გელის ეფექტურობას.

ბენზალკონიუმის ქლორიდი უმეტესად გამოიყენება არა-სპირტ-შემცველ ხელის სანიტაიზერებში. მისი აქტივობა უფრო მაღალია ბაქტერიების წინააღმდეგ, ვირუსებთან შედარებით. მარტივი მისახვედრია რომ სპირტის შემცველი სანიტაიზერები უფრო ეფექტურია, ვიდრე სპირტის შემცველობის გარეშე.
სპირტები ეფექტურია ვირუსებისა და ბაქტერიების უმეტესი ნაწილის წინააღმდეგ. მათ მოქმედებენ ცილოვან სტრუქტურაზე და იწვევენ ნაწილობრივ დეფორმაციას ან მთლიან დენატურაციას. ამგვარად, ისინი ბაქტერიისა და ვირუსის გარეთა ფენას ანგრევენ და კლავენ მათ, რის შედეგადაც ინფექციის გავრცელებას ვიცილებთ თავიდან.

მიუხედევად იმისა, რომ ისინი უმეტეს შემთხვევაში ეფექტურები არიან, არსებობს ისეთი ტიპის ვირუსებით, რომლებსაც სპირტით ვერ ,,დავანგრევთ“. ეს ისეთი ვირუსებია, რომელსაც გარეთა შრე არ გააჩნია. თუმცა კორონა ვირუსის წინააღმდეგ სპირტები ქმედითუნარიანები არიან.

 
 
რა უნდა ვიცოდეთ სანიტაიზერის გამოყენების შემთხვევაში? სპირტის შემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 60%-ისა. ამასთან მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერი სახის ანტიმიკრობული გელის, სპირტ-შემცველი იქნება თუ არა-სპირტ-შემცველი, მოცულობა უნდა იყოს იმდენი, რომ დაფაროს ორივე ხელი - წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩენილ არეალზე ვირუსების და ბაქტერიების განადგურება ვერ მოხდება და დაიწყებენ გამრავლებას. აღნიშნული მოცულობა დაახლოებით 3 მილილიტრამდეა.
 

გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ჭუჭყი. თუ ხელი დასვრილია (იგულისხმება თვალისთვის აღქმადი დაბინძურება), ხელის სანიტაიზერი არაეფექტურია, რადგან ვერ ხდება ჭუჭყის ჩამორეცხვა და ამასთან არ ნადგურდება მიკრობები.

 
სწორედ ესაა მიზეზები, რის გამოც უმჯობესია ხელის დაბანა. პროცესი უნდა გრძელდებოდეს 20-30 წამი, და საბოლოოდ მოვახდენთ როგორც ჭუჭყის, ასევე ვირუსებისა და ბაქტერიების მოშორებას. აღსანიშნავია რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი საპონი, და სულაც არარის მაინცდამაინც ე.წ. რეკლამირებული ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება აუცილებელი. კვლევები აჩვენებს რომ მათ პრაქტიკულად  უპირატესობა არ გააჩნიათ.

 
 რა თქმა უნდა, შეუძლებელია მუდმივად ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, როცა შესაძლებლობა გექნებათ ხელის დაბანის, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა იდეალური და გამოსადეგი ანტიმიკრობული გელები, ე.წ. სანიტაიზერები. მაგრამ თუ მაინც არჩევანის გაკეთება გიწევთ, პრიორიტეტული და მეტად ეფექტური ხელის დაბანაა.

შეგიძლიათ არ იდარდოთ, დაცარიელებულ დახლებზე, სანიტაიზერის გარეშეც შეგიძლიათ ეფექტურად ებრძოლოთ ხელზე არსებულ ვირუსებსა და ბაქტერიებს.



ჩამოტვირთე ფლაერი.

მასალა მომზადებულია ელენე გაბოძის მიერ მიერ.




წყარო:
https://www.compoundchem.com/

გამოქვეყნებულია: 07-03-2020






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას