სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი ჟანა თაგვიაშვილი



 

 

შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას.

როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „შეიყვარე პროფესია შეაყვარე სხვას“, რომლის მიზანია სტუდენტებში და სკოლის მოსწავლეებში ქიმიის დისციპლინის პოპულარიზაცია. პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე სწორედ ჟანა თაგვიაშვილი გახლავთ.

 

- ჟანა, გთხოვთ გვიამბოთ პროექტის შესახებ მოკლედ, რატომ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობის მიღება?

 

-პროექტში მონაწილეობის მიღება პირველ რიგში იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვსწავლობ ქიმიურ ფაკულტეტზე და ძალიან მიყვარს ქიმია. აგრეთვე მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა და მათთან ერთად სწავლის პროცესში მონაწილეობის მიღება. ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ პროექტში მონაწილეობა პიროვნული და პროფესიული განვითარების მიზნით ჩემთვის ძალიან დიდი შანში და მიღწევა იქნებოდა. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ ის რაც მართლა ძალიან მიყვარს, სხვებისთვისაც გამეცნო და დამენახებინა, რომ ქიმია არ არის მარტო ფორმულებისგან შემდგარი რთული საბუნებისმეტყველო საგანი.

 

-პირველად პროექტის შესახებ ინფორმაცია საიდან გაიგეთ?

 

-სკოლის პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის აქტიური მომხმარებელი ვარ და ყოველთვის ვათვალიერებდი ამ პროექტის აქტივობებს. სულ სურვილი მქონდა, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში, თუმცა ვერ ვბედავდი.

 

- შემდეგ როგორ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება?

 

-ჩემი მეგობარი დაინტერესდა და გვერდის ადმინისტრაციას მიწერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლოთ თუ არა მონაწილეობის მიღება პროექტში. საბედნიეროდ დადებითი პასუხი მივიღეთ და აქტიურად ჩავერთეთ პროექტში. სანამ პროექტში მიგვიღებდნენ მანამდე გავიარეთ გასაუბრება და ჩაგვიტარდა ტრენინგები, იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ჩავატაროთ სახალისო ცდები ისე, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ, რის შემდეგაც დავიწყეთ სკოლებში ვიზიტი.

 

-თქვენი აზრით რა მიზანს ემსახურება პროექტი, რა სახის აქტივობები ტარდება პროექტის ფარგლებში?

 

- პროექტი ძირითადად მოიცავს დარეგისტრირებულ სკოლებში ვიზიტს და ბავშვებისთვის სახალისო ცდების ჩატარებას 1-2 საათის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ პროექტის მთავრი მიზანი ბავშვებში ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვივება და მათი დაინტერესებაა. ქიმია ძნელი საგანია და მარტო თეორიულად სწავლა არასაკამრისია, საჭიროა თეორიების პრაქტიკაში გადმოტანა და ეს პროექტი ამის საშუალებას გვაძლევს.

 

- როგორც მომავალი ქიმიკოსი, რას ურჩევდით ახლაგაზრდებს და სკოლის მოსწავლეებს, ვისაც ქიმიის მიმართულებით სურს პროფესიული განვითარება?

 

- ვთვლი რომ ქიმია არის ძალიან კარგი და პერსპექტიული არჩევანი. ყველა ქვეყანას სჭირდება კარგი, კვალიფიციური მეცნიერი და მათ შორის ქიმიკოსიც. ქიმია გამოიყენება ყველა სფეროში და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავრი წინაპირობაა, რის გამოც ქიმიკოსობა ძალიან პერსპექტიულ პროფესიად მიმაჩნია. უბრალოდ ამ ყველაფრის მისაღწევად ხარისხიან ცოდნასთან ერთად, საჭიროა ხარისხიანი პრაქტიკული მუშაობაც.

 

- დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის. საბოლოოდ რა არის თვენი მომავალი გეგმები?

 

-პირველ რიგში რა თქმა უნდა მსურს ბაკალავრიატის დამთავრება და მაგისტრატურის საზღვარგარეთ გაგრძელება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

 

ესაუბრა იბრაგიმ მამდედოვი

გამოქვეყნებულია 24-05-2017