ეს საინტერესოა

 

2021 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში

ასიმეტრიული ორგანოკატალიზის განვითარებისათვის 2021 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში ბენჟამინ ლისტსა და დევიდ მაკმილანს მიენიჭათ.

არაერთი ინდუსტრია და კვლევითი სფერო დამოკიდებულია ქიმიკოსთა უნარზე მიიღონ მოლეკულები, რომლებიც შექმნიან ელასტიურ და გამძლე მასალებს, შეინახავენ ენერგიას ბატარეებში ან შეაფერხებენ დაავადების პროგრესირებას. ეს ყველაფერი კი წარმოუდგენელია კატალიზატორების გარეშე - ნივთიერებების, რომლებიც აკონტროლებენ და აჩქარებენ ქიმიური რეაქციის სიჩქარეს, ისე რომ არ მონაწილეობენ საბოლოო პროდუქტის წარმოქმნაში. მაგალითად ავტომობილების კატალიზატორები გამონაბოლქვში არსებულ მავნე ნივთიერებებს უვნებელ მოლეკულებად გარდაქმნიან.

ამრიგად კატალიზატორები ქიმიკოსთა ფუნდამენტური იარაღია, თუმცა მკვლევარებს დიდ ხანს სჯეროდათ, რომ მხოლოდ ორი სახის კატალიზატორი არსებობდა: ლითონები და ფერმენტები. ბენჟამინ ლისტმა და დევიდ მაკმილანმა 2000 წელს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, განავითარეს კატალიზის მესამე ტიპი, რისთვისაც 2021 წელს ნობელის პრემია მიიღეს. კატალიზის ამ ტიპს ასიმეტრიული ორგანოკატალიზი ეწოდა და ეფუძნება მცირე ზომის ორგანულ მოლეკულებს.

ორგანულ კატალიზატორებს ნახშირბადის ატომის მყარი ჩარჩო გააჩნიათ, რომელსაც უფრო აქტიური ქიმიური ჯგუფები უკავშირდებიან. ეს ჯგუფები ხშირად მოიცავენ ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადი, აზოტი, გოგირდი და ფოსფორი. რაც იმას ნიშნავს რომ ეს კატალიზატორები ეკოლოგიურად სუფთა და შეღავათიანი ფასის მქონეა.

ორგანოკატალიზის მეთოდის გამოყენების ტემპის ზრდა განაპირობა მათი ასიმეტრიული კატალიზის მართვის უნარმა. ზოგიერთი მოლეკულა ორ განსხვავებულ, ერთმანეთის მიმართ სარკულ, ფორმას წარმოქმნის. ხშირად ქიმიკოსებისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი მათგანის მიღება, განსაკუთრებით ფარმაცევტული საშუალებების წარმოებისას.

ორგანოკატალიზი 2000 წლიდან მოყოლებული გასაოცარი სისწრაფით ვითარდება. ბენჟამინ ლისტი და დევიდ მაკმილანი ამ სფეროში ლიდერებად რჩებიან, მათ აჩვენეს, რომ  ორგანოკატალიზი შესაძლოა გამოიყენებოდეს მრავალი ქიმიური რეაქციის განსახორციელებლად. ამ რეაქციების გამოყენებით მკვლევარებს ახლა უფრო ეფექტურად შეუძლიათ შექმნან ყველაფერი, იქნება ეს ახალი ფარმაცევტული საშუალება თუ მოლეკულა, რომელსაც ფოტოელემენტებში სინათლის „დაჭერა“ შეუძლია. ამრიგად, ორგანოკატალიზი კაცობრიობას უდიდეს სარგებელს მოუტანს.



მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ.

 

წყარო:https://www.nobelprize.org/prizes/chemistry/2021/press-release/

 

გამოქვეყნებულია: 22-10-2021


 

ჩვენი სტუმარი

ხატია ყურაშვილი

მინდა მეც ის ერთ-ერთი ადამიანი ვიყო, ვინც მომავალ თაობებს სწორ მიმართულებას მისცემს

სწრაფი ბმულები