სიახლეები

სპქა-ს განცხადება

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ემზარ ლომიძე.

 

ემზარ ლომიძე დაიბადა 1950 წლის 26 აპრილს ქ. ფოთში. 1967–1972 წწ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე.  1985 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებაა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით  ბიოქიმია.

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში და იკავებდა თანამდებობებს მეცნიერ თანამშრომლიდან  სამეცნიერო-კვლევით ნაწილში დირექტორის მოადგილემდე (2006 წ.).  2003-2010 წწ. იყო შპს “ალაფის”  საწარმო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე, ინოვაციებისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

 

ემზარ ლომიძე აქტიურად იყო ჩართული  პედაგოგიურ სფეროშიც.   1979 -1984 წწ.  ასწავლიდა ქიმიას თბილისის N1 საშუალო სკოლაში. იგი იყო სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის,  ქიმიის ჯგუფის სპეციალისტი,  მოსწავლეთა ქიმიის სასწავლო ოლიმპიადის, ქიმიის პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდის და ქიმიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების კომისიების წევრი (2006 წლიდან),  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქიმიის მასწავლებელთა ტრენინგების კონსულტანტი; მასწავლებელთა ტრენერი (2011 წლიდან).  

 

ემზარ ლომიძე ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდა ჩვენს ასოციაციასთან. ჩვენ მასთან ერთად არაერთი პროექტი გვაქვს განხორცილებული.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს ემზარ ლომიძის წვლილი  საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების მომზადებაში. მან დიდი და ფასდაუდებელი როლი ითამაშა როგორც ჩვენი ნაკრების პირველი ნაბიჯების გადადგმაში, ისე ნაკრების გაწვრთნის მეთოდებისა და ტაქტიკის შემუშავებაში. აღსანიშნავია, რომ ემზარ ლომიძე თავად საკავშირო ქიმიის ოლიმპიადების მონაწილე და 1967 წ. ქიმიის I საკავშირო ოლიმპიადის წამახალისებელი სიგელის მფლობელი.


 ემზარ ლომიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქიმიკოსთა მთელი საზოგადოებისათვის.

სპქა-ს გამგეობა

 

გამოქვეყნებულია: 17-09-2021