ქალები ქიმიაში

დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.  სიმბოლურია,რომ დღეს ის ქალბატონები გავიხსენოთ,რომლებმაც ქიმიის დარგში ნობელის პრემია მოიპოვეს და ქიმიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს.

მარია სკლოდოვსკა–კიური

მარია კიური 1867 წლის 7 ნოემბერს ვარშავაში დაიბადა. ეს იყო ქალი,რომელმაც მთელი ცხოვრება მეცნიერებას მიუძღვნა. აღსანიშნავია,რომ კიური ერთადერთი ქალი მეცნიერია,რომელმაც ნობელის პრემია ორჯერ მოიპოვა: პირველად 1903 წელს ფიზიკაში, მოგვიანებით კი 1911 წელს ქიმიის დარგში.

1898 წელს მარია კიურიმ მეუღლესთან (ფიზიკოსი პიერ კიური) ერთად ორი რადიოაქტიური ელემენტი,პოლონიუმი და რადიუმი, აღმოაჩინა. მარიამ განაგრძო მათი კვლევა და 1910 წელს  ლითონური რადიუმი მიიღო. მან ასევე განსაზღვრა რადიოაქტიური ელემენტების ფიზიკური და ქიმიური თვისებები. დღეისათვის რადიოაქტიური ნივთიერებები ფართოდ გამოიყენება,მათ შორის მედიცინაშიც,სადაც მათ სიმსივნის სამკურნალოდ იყენებენ.


მარია კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ქიმიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის: რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენისთვის,რადიუმის გამოყოფისა და მისი ნაერთების შესწავლისთვის.

 

ირენ ჟოლიო-კიური

ირენ ჟოლიო–კიური დაიბადა 1897 წლის 12 სექტემბერს პიერ და მარია კიურების ოჯახში. ირენ ჟოლიო–კიური მეუღლესთან,ფრედერიკ ჟოლიოსთან,ერთად  რადიაციის მოვლენას იკვლევდა. 1934 წელს მათ ალუმინის თხელი ნაჭერი ალფა ნაწილაკებით (ჰელიუმის ატომის ბირთვები) დაბომბეს,რა დროსაც ახალი სახის გამოსხივება აღმოაჩინეს,რომელმაც კვალი დატოვა აპარატში. წყვილმა აღმოაჩინა,რომ ალუმინიდან გამოსხივება რადიაციის წყაროს ამოღების შემდეგაც გაგრძელდა. მიზეზი კი ის იყო,რომ ალუმინის ატომები ფოსფორის რადიოაქტიურ იზოტოპებად გარდაიქმნენ.

27Al + 4He → 30P + 1n


 ეს კი იმას ნიშნავდა,რომ პირველად ისტორიაში რადიოაქტიური ნივთიერება ხელოვნურად მიიღეს.

1935 წელს ირენ ჟოლიო–კიურიმ მეუღლესთან ერთად ნობელის პრემია ახალი რადიოაქტიური ნივთიერებების სინთეზისათვის მიიღო.

 

დოროთი კროუფუტ ჰოჯკინი

დოროთი კროუფუტ ჰოჯკინი დაიბადა 1910 წლის 12 მაისს.  იგი ბრიტანელი ბიოქიმიკოსი იყო,რომელმაც  რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფიის მეთოდი გააუმჯობესა. ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენებოდა ბიომოლეკულების სამგანზომილებიანი სტრუქტურის განსაზღვრისათვის.
როდესაც რენტგენის სხივები კრისტალურ სტრუქტურაში გადის,წარმოქმნილი გამოსახულებების გადაღების შედეგად,შესაძლებელია კრისტალური სტრუქტურის დადგენა. სწორედ ამ მეთოდით დოროთი  ჰოჯკინმა 1946 წელს პენიცილინის,1956 წელს კი ვიტამინ B12-ის სტრუქტურები წარმატებით განსაზღვრა.

1964 წელს დოროთი კროუფუტ ჰოჯკინმა ნობელის პრემია რენტგენის სხივებით  ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სტრუქტურის დადგენისათვის მიიღო.

 

ადა იონატი

ადა იონატი 1939 წლის 22 ივნისს ისრაელში დაიბადა.
1970 წელს ადამ სხვა მკვლევარებთან ერთად პროექტი წამოიწყო,რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფიის მეთოდით რიბოსომების შესწავლის შესახებ. 2000 წელს ეს პროექტი წარმატებით დასრუდა.

ადა იონატს 2009 წელს ნობელის პრემია რიბოსომების სტრუქტურისა და ფუნქციების შესწავლისთვის მიენიჭა.

 

ფრენსის ჰამილტონ არნოლდი

ფრენსის არნოლდი დაიბადა 1956 წლის 25 ივლისს.
კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ქიმიური ინჟინერიის, ბიოინჟინერიისა და ბიოქიმიის პროფესორი,რიგით მეხუთე ქალია,რომელმაც  ნობელის პრემია ქიმიის დარგში მოიპოვა.
ფრენსის არნოლდს ნობელის პრემია 2018 წელს  ფერმენტების ინჟინერიაში მიმართული ევოლუციის გამოყენების პიონერობისათვის მიენიჭა.



სპქა ქიმიკოს-ქალბატონებს ულოვავს 8 მარტს და ნაყოფიერ და შემოქმებედით წელს უსურვებს.

მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ

  

გამოქვეყნებულია: 08-03-2020




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას