სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით ჟღენტი



 

 

მეცნიერების ელჩები

 

- მოგესალმებით დავით,  მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ

გამარჯობა მე ვა დავით ჟღენტი, 22 წლის.  თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის ქიმიის მიმართულების მაგისტრანტი.

დავიბადე და გავიზარდე გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ ვცხოვრობ დედაქალაქში და ვეწევი სტუდენტურ ცხოვრებას.

 

- რატომ დაგაწყვიტეთ ამ პროფესიას დაუფლებოდით?

ქიმიით ჯერ კიდევ მეოთხე კლასში დავინტერესდი. მაშინ ჩემი  და აბიტურიენტი იყო და ეროვნულ გამოცდებზე სწორედ ამ საგანს აბარებდა.  ამიტომ მე, როგორც ცელქსა და ცნობისმოყვარეს  ყოველდღე  მიწევდა  რაღაც ფიგურების,  უცნაური „ინგლისური ასოებით და რიცხვებით დატოტვილი“ ერთმანეთზე ჯაჭვივით აკინძულ, გაურკვეველი „ძაფების“ ხილვა, რომელთაც ხან პლუს ნიშანი, ხან  კი ორთავიანი ან ერთთავიანი მარჯვნივ თუ მარცხნივ შებრუნებული ისრების კორიანტელი მოჰყვებოდა. როგორც მიხვდით ეს ქიმიური ფორმულები, ქიმიურ რეაქციათა ტოლობები იყო, ზოგიერთი გრძელი თუ მოკლე მოლეკულებისა.

 იცით საინტერესოა, ის ფაქტი, რომ სწორედ ამ გაუგებრობამ და მასში გარკვევის, მისი შემეცნების ხიბლმა შემაჭიდა ამ საგანს, არადა ზოგადად ადამიანებს ქიმიისადმი ინტერესი: ე.წ. „აფეთქებების“ , ფერადფერადი ცდების ხილვით უჩნდებათ ხოლმე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა, უფრო მეტიც არ დაველოდე... , ან საერთოდ დალოდება ვინ მაცადა.

 

- თქვენ მაგისტრატურაში სწავლა სხვა უნივერსიტეტში გააგრძელეთ. რამდენად ადვილი იყო ადაპტაცია ახალ გარემოში?

 სტუ-ში სწავლისას  (მე-4 კურსზე) მოხდა ისე, რომ მთელი ერთი წელი სტაჟირება გავიარე ლაბორატორია „TestLab”- ში ჩემი ერთერთი გამორჩეული და შესანიშნავი ლექტორის რეკომენდაციის მეშვეობით. ეს ლაბორატორია მდებარეობდა სწორედ აგრარული უნივერსიტეტში, რის გამოც  აქ ძალიან ხშირად მიწევდა სიარული, შესაბამისად  თავისუფალ დროს დაკავებული ვიყავი უნივერსიტეტის კუთხე-კუნჭულის დათვალიერებით. ძალიან მიზიდავდა ეს თავისუფალი, კეთილმოწყობილი გარემო. ხანდახან უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებშიც შევიხედავდი ხოლმე  „თვალს წყალს დავალევინებ მეთქი“ და ასე ნელ-ნელა ვეცნობოდი  და ვეჩვეოდი გარემოს. ამასობაში  გავიცანი უნივერსიტეტის სტუდენტები, შევიძინე ახალი მეგობრები, თქვენ წარმოიდგინეთ ზოგიერთი  მათგანი დღეს ჩემი კურსელიც კია. ამიტომ ერთი სიტყვით, რომ ვთქვა საერთოდ არ გამჭირვებია  ახალ უნივერსიტეტში ადაპტაცია.

 

- გარდა სწავლისა, ქიმიის პოპულარიზაციითაც ხართ დაკავებული, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. როდიდან დაინტერესდით, რომ ამ საქმითაც დავკავებულიყავით, რამ გიბიძგათ ამისთვის?

ერთ ზაფხულს, მშობლიურ მხარეში ყოფნისა შემხვდა ჩემი მეგობარი (მ. ცინცაძე, ფიზიკოსი).  მასთან საუბრისას  აღმოჩნდა, რომ ორთავე აღტკინებული და გატაცებული ვიყავით ზოგადად მეცნიერების ფენომენალური არსით. საუბრისას ვუზიარებთით ერთმანეთს შეხედულებებს თუ, როგორ არის მოწყობილი სამყარო, საიდან „უმზერს“ რა კუთხიდან ჭვრეტს   მასში  მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებსა თუ პროცესებს  ფიზიკა და ქიმია. მერე კი ამ „ძარღვიანი ლაქლაქისგან“ დაქანცულებმა  ვთქვით: რა კარგი იქნებოდა ეს ჩვენთვის სკოლის პერიოდშივე ეთქვათ, აეხსნათ „უაზრო ფორმულების“, წესების და კანონების იქით ამ საგნების და ზოგადად მეცნიერების  ნამდვილი შესაძლებლობები ეჩვენებინათ მეთქი, ასე ხომ ჩვენს გარდა  უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდებოდა ამ საკითხებით.

 სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ, რომ ის რაც ჩვენ დაგვაკლდა და ის რაც დღესაც აკლიათ სკოლის მოსწავლეებს -  ჭეშმარიტი ხედვა მეცნიერებისა.  რომ კანონებსა და დათქმებს მიღმა, რაღაც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი რამ იმალება, გაგვეცნო და შეძლებისდაგვარად პოპულარიზაცია გაგვეწია.

ამ ყოველივემ კი ჩემი მეგობრის ძალიან დიდი ძალისხმევით მიიღო „კიურის ლაბორატორიის“ სახე, რომლის გუნდის ერთ-ერთი  წევრიც მე გახლავართ.

 

- მოგვიყევით შედარებით დაწვრილებით პროექტის „მეცნიერების ელჩები“ შესახებ?

ზემოთ ხსენებულმა კიურის ლაბორატორიამ  და მისმა გუნდმა (მარიკა ცინცაძე, ნინო ცუხიშვილი, დავით ჟღენტი)  16, 17 და 18 დეკემბერს  ქალაქ  ბათუმში  ევროკავშირისა და ქალთა ფონდის მხარდაჭერით განვახორციელეთ  პროექტი -  „მეცნიერების ელჩები“, რომელიც მიზნად ისახავდა  მეცნიერების პოპულარიზაციას. განსაკუთრებით კი მის სხვადასხვა დარგში ქალთა როლის  გაძლიერებას.  ამისათვის  სამიზნე რეგიონებიდან (გურია , იმერეთი, რაჭა, აჭარა) შევარჩიეთ მეცნიერებით დაინტერესებული გოგონები, რომლებიც  ჩაერთნენ  სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებში როგორიცა:  3D მოდელირების  „ვორკშოპი“, მონაცემთა ანალიზის მასტერკლასი, არდუინოზე მუშაობის პრინციპები, შემეცნებითი  ქიმიური ექსპერიმენტები და მათი ჩატარების ტექნიკა.

ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ის იყო, რომ არჩეულ მონაწილეებს პროექტის დასასრულს გადაეცათ სამეცნიერო ყუთები - აღჭურვილი ქიმიისა და ფიზიკის ექსპერიმენტებისთვის  საჭირო  რესურსებით. ამ ყუთების  დახმარებით  ისინი  შეძლებენ თავიანთ რეგიონებში  მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარონ მასტერკლასები და რაც მთავარია   პოპულარიზაცია გაუწიონ მეცნიერებას.

 

- ჩვენ ამ პროექტის შესახებ აზრი ვკითხეთ  თსუ-ს  პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტს სესილი გოგიბერიძეს, რომელმაც ასეთი რამ მოგვწერა:

„ამ პროექტმა  საშუალება მომცა გამეცნო საინტერესო და განსხვავებული  ინტერესების ადამიანები, გამეხსენებინა ქიმიისა და ფიზიკის ის საფუძვლები ,რომლებიც სკოლაში, სამწუხაროდ, მხოლოდ თეორიული სახით ვისწავლე ,რადგან საქართველოში დღეს ფაქტიურად არ არსებობს საჯარო სკოლები, სადაც ტარდება ქიმიური თუ ფიზიკური ექსპერიმენტები  შესაბამისი აღჭურვილობის არა არსებობის გამო და ახლა სწორედ ამ პროქტის მეშვეობით მაქვს შესაძლებლობა, ყველაფერი ის, რაც ტექნიკური სახით გაკვეთილზე მაკლდა გავუზიარო ბავშვებს იმ  აღჭურვილობის საშუალებით, რომელიც პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა თითოეულ ჩვენგანს.

 პრაქტიკული სწავლებები საგანმანათლებლო სივრცეებში აუცილებელია, რათა ბავშვები მეტად დაინტერესდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებით.“

 

- როგორც ჩანს, პროექტში მხოლოდ გოგნები იყვნენ ჩართული და ამავდროულად უმეტესობა მათგანი უკვე სტუდენტია, თანაც არა ქიმიკოსი. რა მიზანს ისახავდა ასეთი არჩევანი?

მეცნიერებას დღეს ჩვენ უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. შესაბამისად გააზრებული ცოდნა გარკვეული მოვლენებისა, მაგალითად თუნდაც, რატომ გამოიყენება საპონი გამრეცხ საშუალებად ან ზამთარში მოყინულ გზებზე რატომ აყრიან მარილს?  და ა.შ. მოგვცემს საშუალებას იგივე ყოფა ცხოვრებაში ეს ე.წ. მეცნიერული მონაპოვარი, სწორად გამოვიყენოთ.               თუკი ჩვენ ვიყენებთ მათემატიკას  მის მონაპოვარს, როცა მაგალითად რაიმეს ვზომავთ, ვთვლით, ვამრავლებთ თუ ვყოფთ, რატომ არ უნდა ვიცოდეთ მაგალითად თუნდაც ნიუტონის მესამე კანონი : „ქმედება იწვევს ტოლ უკუქმედებას“ ეს ხომ, გარდა ფიზიკური მოვლენისა , ფილოსოფიურ საზრისსაც  არ არის მოკლებული?! ანდა ვთქვათ როცა ჭრილობას  წყალბადის ზეჟანიგის 3 %-იან ხსნარით ჩამოვიბანთ, რატომ ვაკეთებთ ამას - იქნებ იმიტომ რომ ფუშფუშებს  ან იმიტომ რომ ფუშფუშისას გამოყოფილი ატომური ჟანგბადი ბაქტერიების უჯრედებს „ამსხვრევს“.

  შესაბამისად ჩვენი მიზანიც ესაა, რომ მეცნიერება არა მარტო ქიმიკოსების, ფიზიკოსების, ბიოლოგების და ა.შ. საქმეა,  არამედ იგი ყველას მოიცავს.  ამიტომაც ამ პროექტის  ორგანიზატორებმა იმ ქცევით, რომ ჩვენ აქ ჩავრთეთ ვიოლონჩელისტიც კი, ხორცი შევასხით ზემოხსენებულ აზრს, იდეას.

 

- მომავლის გეგმა როგორი გაქვთ? 

ჩვენი სამომავლო გეგმაა, რომ კიურის ლაბორატორიამ მიიღოს ფიზიკური სახე, რომელიც მოემსახურება ამგვარ პროექტებს, მეცნიერების პოპულარიზაციას. თუკი ეს ლაბორატორია იარსებებს მაშინ ძალიან ბევრი ბავშვი აქ აინაზღაურებს „მეცნიერების ჭეშმარიტი უნარების“ გაგება-გააზრების  დანაკლისს.  ეს ბავშვები კი შემდგომ თავად გახდებიან „მეცნიერების ელჩები“.

 ასევე ახლო მომავალში (თებერვლისთვის) ვგეგმავთ, ლანჩხუთის რაიონში  სკოლის მოსწავლეებისთვის ერთ დღიანი სამეცნიერო შეხვედრის მოვაწყოთ, სადაც ისინი გაეცნობიან ფიზიკის, ქიმის, მათემატიკის ინჟინერიისა და ბიოლოგიის ისეთ საკითხებს, რომლებიც გაუმძაფრებენ ლტოლვას ამ საგნების, საკითხების მიმართ. აგრეთვე  ვაპირებთ, რომ მოვიწვიოთ სხვდასხვა პროფესორ მასწავლებელი, წარმატებული და მეცნიერებში „თავით გადაშვებული“ სტუდენტი თუ ახალგაზრდა მკვლევარი, რათა შევძლოთ მათი მაგალითით მომავალი თაობის აღტკინება.

ზაფხულისთვის კი ერთკვირიანი სამეცნიერო ბანაკის ორგანიზებას ვგეგმავთ, სადაც მთელი საქართველოდან შეკრებილი 30 აპლიკანტი (სკოლის მოსწავლე) მიიღებს ტრენინგებში, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში მონაწილეობას ერთი კვირის განმავლობაში.

ასე, რომ  იმედია ამ ყოველივეს გაკეთებას მოვახერხებთ და არ დარჩება, მხოლოდ უბრალო ოცნებად.

 

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და გისურვეთ დასახული მიზნების აღსრულებას.

 

 

 

პროექტი „მეცნიერების ელეჩები”

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 24-01-2023

ჩვენი სტუმარი

ნინო ჭელიძე

მეცნიერება იწყება სკოლიდან

 

 

სწრაფი ბმულები