შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობა. მაინტერესებს მ.ა ე.-ს განსაზღვრისათვის რატომ აიღეს მაინცდამაინც ნახშირბადი და მისი 12გ? მადლობა წინასწარ.
ნინო

პასუხი:.

ნივთიერების შემადგენლობის დადგენას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სამეცნიერო სფეროში. ამისთვის იყენებენ სპეციალურ აპარატს (elemental analysis machine) რომელიც აჩვენებს თუ რომელ ატომებს შეიცავს მოცემული ნივთიერება. ამ აპარატის ერთერთი ნაწილისთვის (მასური სპექტრომეტრი) აუცილებელია იცოდეს რაიმე ცნობილი ატომის მასა რაც შეიძლება დიდი სიზუსტით, იმისთვის, რომ მას შეადაროს მიღებული მასები.

თავდაპირველად ასეთ ატომად იყენებდნენ ჟანგბადს. თვლიდნენ რომ ჟანგბადი არსებობდა მხოლოდ ერთი იზოტოპის სახით (16O) , შეძლებისდაგვარად ზომავდნენ მის მასას მაქსიმალური სიზუსტით და ყოფდნენ უკანასკნელს 16-ზე რათა დაეთვალათ პროტონისა და ნეიტრონის მასა (ფაქტს, რომ ნეიტრონი ოდნავ მძიმეა პროტონზე უგულებელყოფდნენ). ამ მეთოდს ქიმიკოსები და ფიზიკოსები სხვადასხვანაირად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ტექნიკა დაიხვეწა და უფრო ზუსტი გახდა , გაირკვა რომ ჟანგბადს აქვს ბუნებაში გავრცელებული სხვა იზოტოპებიც (16O მათ 99.7%-ს შეადგენს, ამავდროულად მისი მასის დადგენისას სიზუსტე არცთუ ისე სახარბიელოა იმის გამო, რომ იგი მარტივად შედის რეაქციაში ელემენტების უმეტესობასთან) და უფრო ზუსტი საყრდენის აღება გახდა საჭირო. პირველი აზრად წყალბადი გაუჩნდათ. იგი პირდაპირ გვაძლევს პროტონის მასას, ხოლო მისი იზოტოპური წილი შეადგენს 99.9985%-ს.



ამისდა მიუხედავად წყალბადის მასის დიდი სიზუსტით გაზომვა, მისი პატარა ზომისა, მასისა და ძალიან დაბალი გამყარების ტემპერატურის გამო, საკმაოდ რთულია. სწორედ ამის გამო გამოიყენეს 12C. მისი გასუფთავება სხვა იზოტოპებისგან საკმაოდ ადვილია, იგი შედგება 6 ნეიტრონისგან და 6 პროტონისგან (მისი მასის 12 ზე გაყოფით ზუსტად ვიღებთ პროტონისა და ნეიტრონის საშუალო მასას), იგი არცთუისე მსუბუქია და ბევრად უფრო დიდი სიზუსტით არის შესაძლებელი მისი მასის დადგენა (მასთან მუშაობა მარტივია და იგი საკმაოდ პასიურია).

შეკითხვას პასუხობს: დავით რიჟინაშვილი