ეს საინტერესოა
2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში
ნობელის პრემია ქიმიის დარგში 2020 წელს ფრანგ მიკრობიოლოგს ემანუელ შარპენტიესა და ამერიკელ ბიოქიმიკოსს ჯენიფერ დუდნას მიენიჭათ „გენომის რედაქტირების მეთოდის შემუშავებისთვის“.
ემანუელ შარპენტიემ და ჯენიფერ დუდნამ აღმოაჩინეს CRISPR-Cas9–გენეტიკური მაკრატელი–მძლავრი ტექნოლოგია გენეტიკური მასალის შესაცვლელად. მისი გამოყენება მეცნიერებს საშუალებას აძლევს მაღალი სიზუსტით შეცვალონ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დნმ. ამ ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებზე.
CRISPR-Cas9–გენეტიკური მაკრატლის აღმოჩენამ ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში გენის ცვლილების შრომატევადი და რთული პროცესი გაამარტივა.
„ამ გენეტიკურ ინსტრუმენტში უზარმაზარი ძალაუფლებაა, რაც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას. მან არა მხოლოდ რევოლუცია მოახდინა საბაზისო მეცნიერებებში, არამედ მივიღეთ ინოვაციური მცენარეული კულტურები და გამოიწვევს სამედიცინო მკურნალობის ახალ საშუალებებს“–ამბობს ნობელის ქიმიის კომიტეტის თავმჯდომარე კლაეს გუსტაფსონი.
როგორც მეცნიერებაში ხშირია, ამ გენეტიკური მაკრატლის აღმოჩენაც მოულოდნელად მოხდა. ემანუელ შარპენტიემ კვლევების დროს ერთ–ერთ ბაქტერიაზე–Streptococcus pyogenes, რომელიც ყველაზე დიდ ზიანს აყენებს კაცობრიობას, აღმოაჩინა მანამდე უცნობი მოლეკულა tracrRNA. მისმა შრომებმა აჩვენა, რომ tracrRNA არის ბაქტერიის უძველესი იმუნური სისტემის, CRISPR/Cas ნაწილი, რომელიც ვირუსებში დნმ–ის დარღვევას იწვევს.
შარპენტიემ საკუთარი აღმოჩენა 2011წელს გამოაქვეყნა. იმავე წელს მან წამოიწყო თანამშრომლობა გამოცდილ ბიოქიმიკოს ჯენიფერ დუდნასთან, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს რნმ-ის შესახებ. ერთობლივი მუშაობით მათ გადააპროგრამეს გენეტიკური მაკრატელი. ბუნებრივი ფორმით, მაკრატელი გამოარჩევს დმნ–ს ვირუსებისაგან. მაგრამ შარპენტიემ და დუდნამ დაამტკიცეს, რომ მათი კონტროლი შეიძლება ისე, რომ ამოიჭრას ნებისმიერი დნმ–ის მოლეკულა წინასწარ განსაზღვრულ ადგილას.
მას შემდეგ, რაც 2012წელს შარპენტიემ და დუდნამ გენეტიკური მაკრატელი– CRISPR-Cas9 აღმოაჩინეს, მან დიდი გამოყენება ჰპოვა სხვადასხვა დარგში. მცენარეთა მკვლევარებმა შეძლეს ისეთი კულტურების განვითარება, რომლებიც გაუძლებენ სოკოს, გვალვასა და მავნებლებს. მედიცინაში მიმდინარეობს კიბოს ახალი თერაპიების კლინიკური გამოკვლევები და შესაძლოა ოცნება მემკვიდრეობითი დაავადებების განკურნებაზე ახდეს. ამ მოლეკულურმა მაკრატელმა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები ახალ ეპოქაში გადაიყვანა და მრავალი თვალსაზრისით, იგი უდიდეს სარგებელს მოუტანს კაცობრიობას.
მასალა მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ
წყარო:nobelprize.org
გამოქვეყნებულია: 07-05-2021