სტუმრები

ჩვენი სტუმარია ონლაინ სკოლა "ზურგჩანთას" ქიმიის მასწავლებელი სალომე ქვარცხავა.



 

 

ჩემი გზა ქიმიის სამყაროში

ჩემი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოგზაურობა ქიმიის სამყაროში სოფელ სალხინოში დაიწყო – გარემოში, სადაც ბუნების ყოველი პროცესი ჩემთვის აღმოჩენისა და შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. სწორედ ამ განცდამ  გამიჩინა მოტივაცია, ჩავაბარე ქიმიის ფაკულტეტზე ტექნიკურ უნივერსიტეტში და მივიღე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი სამეცნიერო პროექტებსა და კონფერენციებში, გავხდი სტიპენდიანტი და არაერთ საგანმანათლებლო გრანტის შემსრულებელი.

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანმა პროგრამამ ახალი ხედვა შემძინა – როგორ მივუდგე მოსწავლეს მისი ასაკისა და უნარების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩემთვის მთავარი არა მხოლოდ ფაქტების დაზეპირებაა, არამედ იმ გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე კითხვებს სვამს, იკვლევს და თვითონ აღმოაჩენს ბუნების საიდუმლოებებს.

ჩემი პროფესიული გზის დასაწყისშივე მქონდა სურვილი, ქიმია საჯარო სკოლაშიც მესწავლებინა, თუმცა ჩემს რეგიონში ამ მიმართულებით ვაკანსიების სიმცირე სერიოზულ დაბრკოლებად სწორედ ამან გამიხსნა ახალი შესაძლებლობა ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“. ეს არის ქიმიისა და ბიოლოგიის სპეციალიზებული ონლაინ სკოლა, სადაც სწავლა სრულიად უფასოა და ემყარება მასწავლებელთა და მოსწავლეთა საერთო სურვილს – ცოდნის გაზიარებას. „ზურგჩანთა“ სთავაზობს მოსწავლეებს როგორც სტანდარტულ და გაღრმავებულ კურსებს, ისე ონლაინ ლაბორატორიებს, საჯარო ლექციებსა და ოლიმპიადებს. აქ თითოეული გაკვეთილი, მოსწავლის ინტერესის ციმციმი და გულთბილი კომენტარი მაძლევს ძალას, დავრწმუნდე: ჩემი პროფესიული ადგილი სწორედ აქ არის.

ჩემი გამოცდილება, ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრობა, სამეცნიერო პროექტები და მასწავლებლის მომზადების პროგრამა მაძლევს საშუალებას, ქიმიის გაკვეთილებს სიცოცხლე შევძინო. ჩემს მოსწავლეებს ვაჩვენებ არა მხოლოდ ფორმულებსა და კანონებს, არამედ იმ აზროვნებასა და ექსპერიმენტულ შესაძლებლობებს, რომლებიც ქიმიას უნიკალურს ხდის.

„ზურგჩანთა“ ჩემთვის მხოლოდ ონლაინ სკოლა კი არაა – ეს არის პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შერწყმა, სივრცე, სადაც ყოველდღიური შრომა სიხარულსა და შთაგონებას იწვევს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ონლაინ სკოლის დამფუძნებლებს, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა გავმხდარიყავი ამ გუნდის წევრი, და ჩემს კოლეგებს, რომლებიც მუდმივად მამხნევებენ განვითარების გზაზე.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 21-10-2025