
უბიკვიტინი (Ubiquitin) მცირე ზომის ცილაა, რომელიც უჯრედებში მრავალი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესის რეგულირებაში მონაწილეობს. იგი სხვა ცილებს უკავშირდება და მათ ფუნქციებსა და უჯრედში შემდგომ ბედზე გავლენას ახდენს. განსაკუთრებით საინტერესოა უბიკვიტინის რამდენიმე მოლეკულის ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად წარმოქმნილი განუშტოებელი და განშტოებული ჯაჭვები.
ასეთი ჯაჭვების სტრუქტურისა და ფუნქციის შესწავლა აქამდე რთული იყო, რადგან საჭირო იყო მათი ზუსტად განსაზღვრული განლაგებით, ერთგვაროვანი შემადგენლობითა და მაღალი სისუფთავით მიღება.
შვეიცარიის ETH ციურიხის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც ქიმიურ სინთეზს, ფერმენტულ რეაქციებს, კომპიუტერულ ალგორითმებსა და ლაბორატორიულ რობოტიზაციას აერთიანებს.
მეთოდის საფუძველია უბიკვიტინის მოლეკულების ერთმანეთთან დაკავშირების ორი ტიპი - K48 და K63. ეს აღნიშვნები მიუთითებს უბიკვიტინის ცილაში ლიზინის იმ ამინომჟავურ ნაშთებზე, რომელთა მონაწილეობითაც ჯაჭვში ახალი ბმები წარმოიქმნება.
მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური კომპიუტერული სისტემა, რომელიც უბიკვიტინის ჯაჭვების შესაძლო სტრუქტურებს გრაფების სახით აღწერს. ალგორითმი განსაზღვრავს, რა თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს ქიმიური და ფერმენტული რეაქციები სასურველი სტრუქტურის მისაღებად. შემდეგ პროგრამა ავტომატურად ქმნის რეაგენტების განაწილების სქემებსა და ლაბორატორიული რობოტის მუშაობისთვის საჭირო ინსტრუქციებს.
მნიშვნელოვანი სიახლეა აგრეთვე ახალი დამცავი ჯგუფის შექმნა, რომელიც ცილის მოლეკულაში ლიზინის ნაშთების შერჩევითი ქიმიური მოდიფიცირებისა და შემდგომი განთავისუფლების საშუალებას იძლევა. ამან სინთეზის ცალკეული ეტაპების ავტომატიზაცია მნიშვნელოვნად გაამარტივა.
მიღებული შედეგები შთამბეჭდავია: მკვლევრებმა წარმატებით მიიღეს უბიკვიტინის 14 სხვადასხვა ტეტრამერი (ოთხი მოლეკულისგან შემდგარი ჯაჭვი) და 42 პენტამერი (ხუთი მოლეკულისგან შემდგარი ჯაჭვი). ყველა მიღებული სტრუქტურის სიზუსტე დადასტურდა ელექტროფორეზისა და მას-სპექტრომეტრიის მეთოდებით.
კვლევის მნიშვნელობა მხოლოდ უბიკვიტინის სინთეზით არ შემოიფარგლება. შემუშავებული მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა რთული ბიოპოლიმერების მიზანმიმართული სინთეზისთვისაც. იგი აჩვენებს, როგორ შეიძლება ქიმიის, ბიოქიმიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და რობოტიზაციის გაერთიანებით ისეთი მოლეკულური სტრუქტურების მიღება, რომელთა სინთეზიც ტრადიციული მეთოდებით დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
