ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

ლექსიკონი მოიცავს 5738 ტერმინს.

სარედაქციო ჯგუფი

  • ელიზბარ ელიზბარაშვილი
  • ლალი ეზუგბაია
  • გია ხატისაშვილი
  • თინათინ ბუთხუზი
  • თამარ ხატისაშვილი
  • მანანა ბუკია

 

ტექნიკური ჯგუფი

  • ნოდარ დუმბაძე
  • დავით ჟღენტი
  • რომეო კარაპუტაძე
  • გიორგი ღონღაძე

 

სარედაქციო კოლეგია

  • გია ადამია
  • რევაზ კორაშვილი
  • ნოდარ ლეკიშვილი
  • ქეთევან ლომსაძე
  • ნათელა მუზაშვილი
  • მარინა ოსაძე
  • ციური რამიშვილი
  • გიორგი ტიტვინიძე
  • ლია ქაროსანიძე
  • რამაზ ქაცარავა
  • იოსებ ჩიკვაიძე
  • შუქრი ჯაფარიძე

 

ლექსიკონის შესახებ

ქიმიის ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური განმარტებითი ონლაინლექსიკონი შეიქმნა ქიმიის ახალი ტერმინების შემუშავებაზე, ცნებების, კანონებისა და განმარტებების  სწორი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციის IUPAC  მუდმივმოქმედი კომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე, კერძოდ, წარმოდგენილი ლექსიკონი დაემყარა ე.წ. „ოქროს წიგნში“  (Compendium of Chemical Terminology. Gold Book, IUPAC, 2014, Version 2.3.3. შესულ ტერმინოლოგიას.

ლექსიკონი შეიქმნა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ლექსიკონის შექმნის პროცესში ჩართული იყო გაფართოებული სარედაქციო კოლეგია სხვადასხვა  უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტების, როგორც ქიმიკოსების, ასევე ტერმინოლოგ-ენათმეცნიერების  მონაწილეობით.

 

ლექსიკონის სტრუქტურა

ლექსიკონის სტრუქტურა მიუყვება ინგლისურენოვანი ლექსიკონის სიტყვა-სტატიის აგების იმავე პრინციპს, კერძოდ, სალექსიკონო ერთეულს  ქვეშ მიეთითება ქიმიის ქვედარგი ან მომიჯნავე დისციპლინა; შემდეგ მოსდევს ტერმინის განმარტება/სტატია; განმარტების მომდევნოდ კი მითითება: „ასევე იხილეთ“; ხოლო ბოლოს - წყაროები. თითოეული ეს პარამეტრი საჭიროების მიხედვით არის წარმოდგენილი.  შევნიშნავთ, რომ ქართულ ვერსიაში წყაროების ჩამონათვალს შესაბამის ადგილას დაემატა ქართული წყაროები:  „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“ (2004), „ინგლისურ-ქართულ-რუსული ტექნიკური ონლაინლექსიკონი“ და სხვა. ცალკეულ ტერმინებს თან ახლავს მარკერები: ნაკლებად სასურველი, მოძველებული, გამოყენება მკაცრად არ არის რეკომენდებული, არაცალსახა ტერმინი - რეკომენდებულია ტერმინის გამოყენების შეწყვეტა. მიუხედავად  IUPAC-ის  ამგვარი კვალიფიკაციისა, ქართულ ტერმინოლოგიაში დღემდე  აქტიურად გამოიყენება არარეკომენდებული ტერმინების ნაწილი, შესაბამისად, ლექსიკონის რედკოლეგიამ ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვალა მათი დატოვება.

 

მეთოდოლოგიური საკითხები

 ქიმიის ტერმინოლოგიის გაქართულებისას გათვალისწინებულ იქნა ქართული სალიტერატურო ენის სტრუქტურულ-სემანტიკური თავისებურებები, ტერმინშემოქმედების ტრადიციული მიდგომები, თანამედროვე სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური გამოწვევები. ჩვენი ლექსიკონი არის პირველი განმარტებითი ლექსიკონი, რაც უფრო მეტად ასახავს ქიმიის მეტაენის შესაძლებლობასა და განვითარების პერსპექტივას.

  დღემდე არსებული ნორმატიული ლექსიკონებისთვის ამოსავალი ძირითადი ენა იყო რუსული, რის გამოც ვცადეთ მეთოდურად გადაგვეჭრა შემდეგი საკითხები:

  • არსებულ ქიმიის ლექსიკონებში ობიექტური მიზეზების გამო ქართული ტერმინების საფუძვლად აღებულია ხშირ შემთხვევაში რუსული, საბჭოთა ტერმინები. ამიტომაც ქართული ტერმინები არც თუ იშვიათად   აცდენილია საერთაშორისო ტერმინებს. შესაბამისად, დაზუსტებული ვარიანტები შევთავაზეთ მომხმარებელს.
  • ტერმინები ძველ ლექსიკონებში არ აკმაყოფილებს ინგლისური ფონეტიკური სისტემის ქართულად ტრანსლიტერაცია-ტრანსკრიფციის დადგენილ ნორმებს. შეძლებისდაგვარად გასწორდა ტერმინთა დაწერილობაც.
  • ქიმიის ქართული ტერმინოლოგიის დიდი პრობლემა იყო ის, რომ არსებობს ახალი ტერმინები, რომლებიც არცერთ ლექსიკონში ჯერ არ არის შესული. ამიტომაც საშური იყო ახალი ტერმინების შემოტანა ქართულ სამეცნიერო სივრცეში როგორც სესხების გზით, ასევე ქართული შესატყვისების შექმნით. ეს უკანასკნელი არ იყო მარტივი პროცესი და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა რამდენიმე ათეული ქართული ტერმინია ასახული ლექსიკონში.
  • ტერმინოლოგიაში მნიშვნელოვანია პარალელიზმისა და სინონიმიის დაძლევა. ეს ჩანს თავად ინგლისურ ვერსიაშიც, თუმცა ქართული ტერმინის შერჩევისას მნიშვნელოვანი იყო გაფართოებული რედკოლეგიის წევრთა მოსაზრებები, შესაბამისად მსჯელობისა და კენჭისყრის შედეგად შერჩეული ტერმინი შევიდა ლექსიკონში.

 

 

განმარტებითი ლექსიკონი შექმნილია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.  
გრანტის ნომერი # SL-22-339 .