ხატია იმერლიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების, ბაკალავრის მეოთხე კურსის სტუდენტი.

khatia.imerlishvili@gmail.com





 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:1, 34-38 გვ.

ნარჩენების მართვა - საქართველო და მსოფლიო პრაქტიკა

ხატია იმერლიშვილი

რეზიუმე: ნარჩენების მართვის საკითხი, გარემოსდაცვითი კუთხით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში. ნარჩენებს შეუძლიათ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს, როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით. სწორედ ამიტომ აუცილებელია მათი მართვა, ნარჩენების გადამუშავებას მოაქვს საკმაოდ დიდი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, როგორიცაა, საჭირო რესურსების მიღება, პირველადი ნედლეულის დაზოგვა და ა.შ. ნარჩენების სწორად მართვა მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ძალისხმევასა და რეფორმებს მოითხოვს, რაც საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა შეიძლება შეირჩეს გარკვეული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია მსოფლიო გამოცდილება ამ მხრივ, მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების მართვის პროცესი საკმაოდ წარმატებით ხორციელდება, მათ გაატარეს საჭირო რეფორმები, რამაც ხელი შეუწყო, როგორც ამ მხრივ პრობლემის აღმოფხვრას, ისე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

საკვანძო სიტყვები: ნარჩენები, მართვა, სეპარირება, პრევენცია, საქართველო, ევროკავშირი, მსოფლიო, კანონმდებლობა.



შესავალი

ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ მიიჩნევდნენ, რომ ნარჩენი არის ყველაფერი, რაც აღარ გამოდგება ყოფაცხოვრებაში - რასაც აღარ ვიყენებთ, აღარ გვჭირდება ან აღარ ვარგა - რასაც უბრალოდ ვაგდებთ ან თავიდან ვიშორებთ. ასევე აბსოლუტურად უსარგებლოდ ითვლებოდა მრეწველობის სხვადასხვა დარგის, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის ნარჩენები, რასაც სულ უფრო მეტი ადგილი სჭირდებოდა განთავსებისათვის. XX-XXI საუკუნეებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, თავისი შემადგენლობითა და რაოდენობით, საკმაოდ განსხვავდება მსოფლიოში სხვა ეპოქებში არსებული ნარჩენებისაგან. პრობლემა ისაა, რომ დღეს ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნური წარმოებისაა და აღარ ექვემდებარება ბუნებრივ კომპონენტებად დაშლას.

მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ნარჩენების მართვა. იქიდან გამომდინარე, რომ ნარჩენების მართვის საკითხი საკმაოდ მრავლისმომცველი და თავის მხრივ კომპლექსურიცაა, მოცემულ ნაშრომში ყურადღება გამახვილებული იქნება, იმ ძირითად პოლიტიკასა და მიდგომებზე, რასაც ამ პრობლემის გადასაჭრელად იყენებენ ქვეყნები მსოფლიო მასშტაბით. ნარჩენების მართვა მოითხოვს სწორ რეფორმებს, მნიშვნელოვან ინიციატივებსა და დიდ ძალისხმევას. სამწუხაროდ ნარჩენების მართვის მხრივ საქართველოში სიტუაცია საკმაოდ რთულადაა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც არსებობს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და მათ მიერ შექმნილი და დანერგილი წარმატებული მოდელები შესაძლოა ჩვენს ქვეყანაშიც მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, რაც მოიაზრებს, როგორც საზოგადოების ჩართულობას ამ მხრივ, ასევე ხელისუფლებისგან მზაობას პრობლემის მოგვარებისთვის. თუმცა მრავალი პრობლემის გამო საქართველოში ეს საკითხი კანონმდებლობის არსებობის მიუხედავად მაინც უკანა პლანზეა გადასული.

ძირითადი ნაწილი

საქართველოში 2014 წლის 26 დეკემბერს მიიღეს კანონი, ნარჩენების მართვის შესახებ, ამ კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას).

ამ კოდექსის ამოცანაა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა:

  • ნარჩენების წარმოქმნის და მათი უარყოფითი გავლენის პრევენციით ან შემცირებით;
  • ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნით;
  • რესურსების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებით და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებით.

კოდექსის მიხედვით ნარჩენი არის, ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს. ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე, ნარჩენების მართვამ:

  • საფრთხე არ შეუქმნას წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას;
  • არ გამოიწვიოს ზიანი ხმაურითა და სუნით;
  • არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – დაცულ ტერიტორიებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე.

ნარჩენების მართვა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

  • „უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი“ – მიღებული უნდა იქნეს ზომები გარემოსთვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაშინაც კი, თუ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები;
  • პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“ – ნარჩენების წარმომქმნელი ან ნარჩენების მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • „სიახლოვის პრინციპი“ – ნარჩენები უნდა დამუშავდეს ყველაზე ახლოს მდებარე ნარჩენების დამუშავების ობიექტზე, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით;
  • თვითუზრუნველყოფის პრინციპი“ – უნდა ჩამოყალიბდეს და ფუნქციონირებდეს მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული და ადეკვატური ქსელი.

მიუხედავად კოდექსის არსებობისა, ნარჩენების მართვის მხრივ საქართველოში მაინც საკმაოდ დიდი პრობლემებია, რადგან მხოლოდ ქუჩების დასუფთავება არ გულისხმობს, იმას რომ ამ მხრივ რაიმე პოლიტიკა ხორციელდება. მრავალ ქვეყანაში ნარჩენების მართვა ხორციელდება ევროპული 5 პუნქტიანი მოდელის მიხედვით, ამას ნარჩენების იერარქიასაც კი უწოდებენ, რაც გულისხმობს:

  • პრევენციას
  • ხელმეორედ გამოყენებას
  • რეციკლირება
  • აღდგენა
  • განთავსება

უფრო ვრცლად რომ განვმარტოთ გულისხმობს პირველ რიგში, ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას. შემდეგი მნიშვნელოვანი საფეხური გახლავთ ნარჩენების სეპარირება, იგივე დახარისხება, ანუ სხვადასხვა სახეობის ნარჩენის სხვადასხვა ადგილას მოთავსება. შემდეგი საფეხური გახლავთ ამ ნარჩენთა მომზადება გადასამუშავებლად, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, ამის შემდგომ უკვე ხდება ნარჩენთა გადამუშავება ან სხვა ტიპის პროდუქტის წარმოება. ზოგიერთი ნარჩენი გარდაიქმნება ენერგიად, ხოლო საბოლოოდ კი დარჩენილი გამოუყენებელი ნარჩენი თავსდება ნაგავსაყრელზე.

ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (EPR), რომელიც მწარმოებელს პროდუქტის წარმოების პროცესში წარმოქმნილ ნარჩენების შემცირებას და ამ პროდუქტის ნარჩენად გარდაქმნის შემდეგ აღდგენასა და განთავსებაზე ზრუნვას ავალდებულებს. ნარჩენების მართვის კოდექსის კანონპროექტი ითვალისწინებს ნარჩენების პრევენციისა და მართვის სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას საქართველოში. ასევე ამ მექანიზმის ერთ-ერთი მაგალითია ევროპის მრავალ ქვეყანაში მოქმედი სისტემა, რომლის მიხედვითაც, მწარმოებელი, რომელსაც პროდუქტი შემოაქვს ბაზარზე, იხდის გადასახადს ამ პროდუქტის შესაბამისი რაოდენობის ნარჩენის შეგროვებისა და რეციკლირებისათვის.

ასევე ძალიან საინტერესოა მეთოდი, „გადაიხადე, როგორც ყრი“ (PAYT), იგი გულისხმობს მეტ გადასახადს დაუხარისხებელ ნარჩენებზე. ეს მეთოდი ერთი მხრივ ადამიანებს უზრდის მოტივაციას, რომ დაახარისხონ ნარჩენები, რადგან ჯარიმდება ის ვინც არ დაახარისხებს, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ნარჩენების დახარისხების პროცესს.

გამოიყენება აგრეთვე მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების გადასახადს, (LANDFILL TAXES), რაც ნარჩენის წარმომქმნელს მისი შემცირებისკენ ახალისებს. თუმცა შესაბამისი მონიტორინგის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითს რომ გადავხედოთ, მაგალითად: აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და ბელარუსი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკა გატარდა ამ ქვეყნებში ნარჩენების გადამუშავების კუთხით, მნიშვნელოვან წარმატებას ვერც ამ ქვეყნებმა მიაღწიეს ნარჩენების მართვის მხრივ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბელორუსში არსებობს მოსახლეობისგან გადამუშავებადი ნარჩენების მიმღები და დამხარისხებელი პუნქტები. ასევე შინამეურნეობიდან ხდება ნარჩენების სეპარირებული, იგივე განცალკევებული შეგროვება. აზერბაიჯანს აქვს ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარი, რომელსაც ნარჩენებიდან ენერგიის მიღება შეუძლია და მისი სიმძლავრე 231.5 კილოვატია წელიწადში. ხოლო, რაც შეეხება მოლდოვასა და სომხეთს, საქართველოს მსგავსად ნარჩენების თითქმის 100% ხვდება ნაგავსაყრელზე.

ევროკავშირის პოლიტიკა ნარჩენების სფეროში ბოლო 30 წლის მანძილზე ყალიბდებოდა გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმებისა და ჩარჩო კანონმდებლობის სერიების სახით, რომლებიც მიზნად ისახავდა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებასა და ენერგო და რესურსეფექტიანი ეკონომიკის შექმნას.

ნარჩენების შესახებ კანონმდებლობისა და ნარჩენების იერარქიის პრინციპის განხორციელებისათვის ევროპის ქვეყნებში გამოიყენება სხვადასხვა რეგულატორული და წამახალისებელი პოლიტიკის ინსტრუმენტები. მაგალითად, ერთ-ერთია ნაგავსაყრელის დაბეგვრა. ნაგავსაყრელის ბეგარა არის გადასახადი, რომელსაც საჯარო უწყება უწესებს ნაგავსაყრელზე განთავსების სერვისის მომწოდებელს, განთავსებული ნარჩენების წონის ან მოცულობის მიხედვით. ამ გადასახადის მიზანია ნაგავსაყრელის ხარჯების გაზრდა, რაც წაახალისებს ნაგავსაყრელებში ნარჩენების შემცირებას. ევროკავშირის ქვეყნებში ნაგავსაყრელის ბეგარის ოდენობა მერყეობს ტონაზე 3 ევროდან (ბულგარეთი) 107 ევრომდე (ჰოლანდია). ხშირ შემთხვევაში გადასახადებიდან შემოსული შემოსავლების ნაწილი ნარჩენების შემცირების ან სხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებს ხმარდება.

ევროკავშირში საზოგადოებასა და ცალკეულ ადამიანებს დიდი როლი ეკისრებათ ნარჩენების მართვის პროცესში. ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში ოჯახები ახარისხებენ ნარჩენებს (ქაღალდს, პლასტმასას, ლითონებს, ბაღის ნარჩენებს და სხვ.) სხვადასხვა კონტეინერში. დახარისხებული შეგროვება უზრუნველყოფს ყველაზე მაღალი ხარისხის მასალების მიღებასა და მასალების ღირებულების მაქსიმიზაციას, ზრდის ამ მასალებიდან უფრო მეტი რაოდენობით პროდუქტის მიღების შესაძლებლობას.

ნაგავსაყრელებზე ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების შემცირების პროცესი ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში სხვადასხვა დროს დაიწყო და სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, ნაგავსაყრელის შესახებ დირექტივის განხორციელების ანგარიში აჩვენებს, რომ მთლიანობაში დირექტივა ეფექტიანი აღმოჩნდა და ხელი შეუწყო ნაგავსაყრელების დახურვასა და ნარჩენების მართვის ალტერნატიული მეთოდების მზარდ გამოყენებას. ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ნარჩენების შემცირების პოლიტიკის განხორციელების მიხედვით ევროკავშირში გამოიკვეთა ქვეყნების სამი ჯგუფი:

  • ქვეყნები მასალების აღდგენისა და ინსინერაციის მაღალი მაჩვენებლით, სადაც როგორც მასალების აღდგენის, ისე ინსინერაციის წილი 25%-ს აჭარბებს (შვეიცარია, გერმანია, შვედეთი, ბელგია, ჰოლანდია, ნორვეგია, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, ფინეთი)
  • ქვეყნები მასალების აღდგენის მაღალი მაჩვენებლითა (>25%) დაინსინერაციის დაბალი მაჩვენებლით (<25%) (ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია, სლოვენია, ისლანდია, პორტუგალია, ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ბულგარეთი)
  • ქვეყნები, სადაც როგორც მასალების აღდგენის, ისე ინსინერაციის წილი 25%-ზე დაბალია (სერბეთი, სლოვაკეთი, ლიტვა, კვიპროსი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მალტა, ხორვატია, თურქეთი, ლატვია, მაკედონია)

ევროპის ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება ნარჩენების შეგროვების კონტეინერული სისტემა, როცა მოსახლეობა ნარჩენებს საერთო კონტეინერებში ათავსებს. დახარისხებული შეგროვებისათვის გამოიყენება ცალკე კონტეინერები რეციკლირებადი ნარჩენებისათვის. ზოგ შემთხვევაში მოსახლეობა რეციკლირების პუნქტში გარკვეული ტიპის ნარჩენების მიტანისათვის მცირე ანაზღაურებას იღებს. მაგალითად, ფორლიში (იტალია) მოსახლეობა რეციკლირებადი ნარჩენების დახარისხების პუნქტში მიტანის სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების ან გარკვეული საკანცელარიო საქონლის სახით.

ზოგჯერ მოსახლეობა ნარჩენებს არა საერთო, არამედ ინდივიდუალურ კონტეინერში ათავსებს, რომელიც მისი სახლის წინ დგას, ან ტოვებს ნარჩენებს ჭიშკართან ცელოფნის პარკში, რომელსაც შემდეგ შემგროვებელი კომპანია გაიტანს. ასევე, ინდივიდუალური შეგროვების სისტემებს შორის არის „კარდაკარ“ შეგროვება, როცა შემგროვებელი სათითაოდ ჩამოივლის მობინადრეებს, ან „ეზოდან შეგროვება“, როცა შემგროვებელი შედის ეზოში და გამოაქვს ნარჩენები.

კოპენჰაგენში (დანია) არსებობს სახიფათო ნარჩენების შეგროვების პრაქტიკა, რომელიც გარკვეული კომფორტის ხარისხით გამოირჩევა. კერძოდ, მრავალსართულიან შენობებს ემსახურება დაქირავებული, სპეციალურად გადამზადებული ადამიანი, რომელიც მოსახლეებისაგან (პირდაპირ მათი ბინიდან) აგროვებს სახიფათო ნარჩენებს და ათავსებს დროებითი შენახვის საცავში, სანამ შემგროვებელი კომპანია უზრუნველყოფს მის გატანას.

ასევე აღსანიშნავია ნარჩენების შეგროვების მიწისქვეშა სისტემები, რომლებიც შეიძლება ფუნქციონირებდეს, როგორც ცალკეული შეგროვების პუნქტები, ან შეიძლება მოიცავდეს ავტომატიზებული ვაკუუმის (პნევმატური) შეგროვების სისტემებს. ვაკუუმის სისტემა მიწისქვეშა სატრანსპორტო არხებისაგან შედგება, რომლის საშუალებითაც ხდება ნარჩენების ტრანსპორტირება შეგროვების პუნქტში.

ასევე ძალიან საინტერესოა იაპონიის გამოცდილება, იაპონიის საზღვაო ქალაქ კობეში გაკეთებულია ხელოვნური კუნძული Port Island. კუნძულის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს და დასრულდა 1981 წელს. მთელი კუნძული არის დაკონსერვებული ნაგავი, რომლის ფართობი 436 ჰექტარს შეადგენს. ტერიტორიაზე განთავსებულია აეროპორტი შვეულმფრენისთვის, სხვადასხვა სასტუმრო, უნივერსიტეტები, მუზეუმი, გამაჯანსაღებელი ადგილები, დასასვენებელი პარკები და კაფეებიც კი. ტურისტებისთვის კუნძულის დასათვალიერებლად გამოყოფილია პატარა მატარებელი. მასთან დაკავშირება შესაძლებელია საავტომობილო ხიდით. ასევე იაპონიაში აშენდა მეორე ხელოვნური კუნძულიც, მასზე განთავსებულია საერთაშორისო აეროპორტი, კუნძულის საძირკველში მოათავსეს უამრავი ტონა ნაგავი და შემდეგ დააკონსერვეს. ამ კუნძულებს მიწისქვეშა ბიძგები არანაირ საფრთხეს არ უქმნის, ექსპერტთა აზრით აქ ნგრევა მოსალოდნელი არაა. საინტერესოა იაპონიის გამოცდილება იმ მხრივაც, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი სადაც ნარჩენების გადამუშავება ხდება არის ქალაქი კავასაკი, სადაც აწარმოებენ საპონს იმ ცხიმისგან, რომელიც რჩება კაფეებში, რესტორნებსა და სხვადასხვა სასადილოებში. როგორც ამბობენ, ამ საპონს ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს.

 

დასკვნა

საბოლოოდ, როგორც მაგალითებიდან ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანამ განსხვავებული გზა აირჩია მოცემული პრობლემის გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ნარჩენების მართვის კუთხით და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს ამ სფეროში. შეგვიძლია თქვათ, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა ნარჩენების მართვის სფეროში წარმატებას მიაღწიეს იმიტომ, რომ მათ სწორად დაგეგმეს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და მისი განხორციელებისათვის საჭირო რეფორმები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოება მზად იყო და ახლაც მზად არის, რომ გადაიხადოს მაღალი გადასახადები, იმისათვის, რომ იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს მაგალითს, ამ მხრივ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და გადამუშავებას ნარჩენების მართვის სფეროში ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენს ქვეყანას მოუწევს მართოს 4 მილიონი ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, მაშინ, როცა მრავალ ქვეყანას უწევს ამ მხრივ 10, 20 ან 30-ჯერ მეტი მოსახლეობის ყოლის შემთხვევაში უფრო დიდი რესურსის გაღება. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო საწარმოების განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაც არ გამოირჩევა.

ნარჩენების სეპარირებული შეგროვება ნარჩენების მართვის საუკეთესო პერსპექტივაა, რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით საწყის ეტაპზე დაწესებულებების დონეზე უნდა განხორციელდეს. სკოლებში, საჯარო სამსახურებში თუ უნივერსიტეტებში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დაწყება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერების ამაღლებას ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ნარჩენების გადამუშავების წახალისებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

ლიტერატურა:

1.საქართველოს კანონი: „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 2014 წ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2676416

2.ნარჩენების მართვა ევროკავშირის ქვეყნებში (WMTR) http://environment.cenn.org/app/uploads/2016/08/WMTR_EU-approaches-to-waste-management_201506029.pdf

3. ნინო კვერღელიძე - მყარი ნარჩენების მართვა საქართველოში http://www.kas.de/wf/doc/kas_39857-1522-1-30.pdf?141208110242

4. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი - http://eiec.gov.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/Waste.aspx

5. ნინო ჩხობაძე - ნარჩენები https://gfsis.org/files/my-world/14/07.pdf

6. საქართველოს მთავრობის დადგენილება, სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/3237437

 

 

 

გამოქვეყნებულია: 10-02-2018