ნუცა ბაქრაძე

სტუდენტი,საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი,593427354

Nutsabakradze1@gmail.com





ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 15-17

 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:4, ნომერი:1, 33-34 გვ.

ძილის ქიმია

ნუცა ბაქრაძე

რეზიუმე: ძილი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენაში გვეხმარება. ამ სტატიაში საუბარია იმ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც ძილის დროს ტვინში არსებობენ.

საკვანძო სიტყვები: ძილი, ქიმია, ადენოზინი, მელატონინი.



ძილს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი საშუალებით ხდება დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენა. ძილის ნაკლებობა ადამიანში უხასიათობასა და აგრესიულობას იწვევს, ხანგრძლივი უძილობა კი ხშირად სხვადასხვა დაავადების მიზეზი ხდება. ამიტომ საკმარისი ძილი ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ალბათ არასდროს გვიფიქრია თუ რა როლი აქვს ქიმიას ძილის პროცესში.  თავის ტვინში ძილის დროს ორი მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერება–ადენოზინი და მელატონინი–არსებობს. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ–ცალკე.

ადენოზინი და მისი გავლენა ძილზე.

ადენოზინი–C10H13N5O4–მნიშვნელოვანი ქიმიური ნაერთია, რომელიც ცნობილია როგორც ნუკლეოზიდი. იგი ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება ადენინისა და რიბოზის კომბინაციით და არსებობს სხეულის ყველა უჯრედში. ის გამოიყენება უჯრედებში ენერგიის გადასაცემად. სხვადასხვა ფუნქციის გარდა, იგი ეფექტური ბუნებრივი  ტკივილგამაყუჩებელია, აფართოებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს გულის რიტმის რეგულირებას.

ადენოზინს არსებითი ფუნქცია აქვს მრავალ ბიოქიმიურ პროცესში და წარმოადგენს ერთ–ერთს, იმ მრავალი ნეიროტრანსმიტერისა და ნეირომედიატორისაგან, რომლებიც გავლენას ახდენენ ძილის კომპლექსურ ქცევაზე, განსაკუთრებით ძილის ინიცირებაზე. თავის ტვინში ის წარმოადგენს ინჰიბიტორულ ნეიროტრანსმიტერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქმედებს, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტი და აფერხებს სიფხიზლესთან დაკავშირებულ ბევრ პროცესს.

სანამ გვღვიძავს, ტვინში ადენოზინის დონე ყოველ საათში მატულობს. ითვლება, რომ იგი პასუხისმგებელია ძილიანობის ამაღლებაზე. რაც დიდხანს გვღვიძავს–მისი რაოდენობაც იმატებს.

სიფხიზლის დროს ადენოზინის დონე თანდათან მატულობს ტვინის ისეთ უბნებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აღგზნების სტიმულირებისთვის, განსაკუთრებით ტვინში გააქტიურებული რეტიკულური სისტემის აქტივობის დროს.

ადენოზინის კონცენტრაციის ზრდა ხელს უშლის გაღიზიანებას და იწვევს ძილიანობას. შემდეგ, ძილის დროს, ადენოზინის დონე იკლებს. ამრიგად, მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ადენოზინის მაღალი დონე ეფექტურად იწვევს ძილს.

მელატონინი და მისი გავლენა ძილზე.

მეორე მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც ძილის დროს გვეხმარება არის მელატონინი–C13H16N2O2. იგი ბუნებრივ ჰორმონს წარმოადგენს, რომელსაც ტვინში არსებული გირჩისებური ჯირკვალი(Pineal gland) გამოიმუშავებს.  ეს ბარდის ზომის ჯირკვალი თავის ტვინის შუა ნაწილში მდებარეობს. დღის განმავლობაში ჯირკვალი არააქტიურია. მზის ჩასვლისა და დაბნელების შემდეგ იგი მელატონინის გამომუშავებას იწყებს. ჩვეულებრივ ეს საღამოს 9 საათიდან იწყება. შედეგად სისხლში მელატონინის დონე მკვეთრად მატულობს და ორგანიზმი ითენთება. სისხლში გაზრდილი მელატონინის დონე დაახლოებით 12 საათი, მთელი ღამის განმავლობაში, ნარჩუნდება. დილით კი მისი დონე მცირდება და თითქმის არ აღინიშნება.

მელატონინის წარმოების პროცესი ძალიან მგრძნობიარეა სინათლის მიმართ. სინათლის უმცირესი რაოდენობა ამცირებს მელატონინის გამომუშავებას, რის გამოც ვიწყებთ გაღვიძებას მაშინ, როდესაც მზე ამოდის.

ადენოზინი და მელატონინი ბუნებრივი ნივთიერებებია, რომლებიც თავის ტვინში ძილის დროს წარმოიქმნებიან. ამ ყველაფრის საბოლოო პროდუქტი კი ძილია, რაც სხეულის ბუნებრივი რეაქციაა, როდესაც მას ენერგიის აღდგენა სჭირდება.

ეს ორი ნივთიერება შეთანხმებულად მოქმედებს და საბოლოოდ მშვიდ ძილს იწვევს. ადენოზინი მთელი დღის განმავლობაში გროვდება და ძილის პროცესში იხარჯება. სამაგიეროდ ძილის დროს გროვდება მელატონინი, რომელიც ძილის შესანარჩუნებლად მუშაობს.

 

გამოქვეყნებულია: 13-04-2020