სალომე აბულაშვილი

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

saloabulashvili@gmail.com





ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 23-26

ტომი: 3, ნომერი: 3, გვ: 17-19

ტომი: 3, ნომერი: 3, გვ: 10-13

ტომი: 3, ნომერი: 1, გვ: 12-14

ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 8-9

 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 14-16 გვ.

ნარჩენების გავლენა ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე

სალომე აბულაშვილი, მარიკა გაჩეჩილაძე

რეზიუმე: საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, არამედ მოუწესრიგებელ ნაგავსაყრელებს, სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვის საკითხებს. უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ძირითად მიზეზს ნარჩენების შეგროვების სისტემა და არასაკმარისი ნაგავსაყრელები წარმოადგენს. ამჟამად, საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სისტემატური შეგროვება ძირითადად მსხვილ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ხორციელდება, ხოლო სოფლებში მოსახლეობა ხშირად ნარჩენებს ხევში, გზის პირას ან მდინარის ნაპირებზე ყრის, რაც თავისთავად შემდგომ უკვე წყლის დაბინძურებასაც იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორიები პრაქტიკულად არ სუფთავდება, წარმოიქმნება ე.წ. უკონტროლო ნაგავსაყრელები. ამასთანავე, გარემოს დაბინძურებას დიდ საფრთხეს უქმნის საწარმოების ნარჩენები, რომელიც უკონტროლოდ გაედინება მდინარეებში.

საკვანძო სიტყვები: ნარჩენები, ტოქსიკური ნივთიერებები, მძიმე მეტალები.



2013 წელს საქართველოში არსებული 63 ოფიციალური მუნიციპალური ნაგავსაყრელის უმრავლესობას არ გააჩნდა ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლების შეგროვება-გაწმენდის სისტემა და წყალგაუმტარი ფუძე, რომელიც მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან დაიცავდა. ნაგავსაყრელების ნაწილი მდინარეების ნაპირზე ან წყალგამტარ ხევებშია განთავსებული, რაც ზედაპირული და გრუნტის წყლების დაბინძურების საშიშროებას ქმნის. ნაგავსაყრელებზე სპონტანურად მიმდინარეობს ნარჩენების დაბალტემპერატურული ღია წვა, რაც იწვევს ჰაერში მავნე დამბინძურებლების, დიოქსინებისა და ფურანების გაფრქვევას. [1]

დღეს საქართველოში 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელია. 2013 წლამდე თითქმის ყველა ნაგავსაყრელი არაორგანიზებულად გარემოს დაცვის სტანდარტების შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა. 2013 წლიდან შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მართავს. 2013-2017 წლებში კომპანიის მიერ კეთილმოეწყო 30 მუნიციპალური ნაგავსაყრელი და დარღვეული წესების გამო დაიხურა - 21. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში ნარჩენების განთავსების სისტემის მთავარ ღერძს მუნიციპალური ნაგავსაყრელები წარმოადგენს. [2] თუმცა, ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალაქსა თუ რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემა მოწესრიგებულია. იმ სოფლებსა თუ ქალაქებში, სადაც სისტემა გაუმართავია, გარემოს დაბინძურება კიდევ უფრო რეგულარულ ხასიათს იძენს. 2013 წელთან შედარებით დიდი განსხვავება არაა რეგიონებში დაბინძურების თვალსაზრისით. ის ფაქტი, რომ ყველა სოფელში არაა წესებისა და სტანდარტების დაცვით მოწყობილ ნაგავსაყრელი, კიდევ უფრო ამძიმებს არა მხოლოდ ნიადაგის დაბინძურების ხარისხს, არამედ ჰაერის და წყლის მოწამვლასაც ჯანმრთელობისთვის საშიში ნითიერებებით, რაც უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება.


მარტვილი, მდინარე აბაშა. წყარო [3]

გარემოს დაბინძურება ხდება არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ საწარმოების მიერაც. მაგალითად, საწარმო ”მადნეულის” მიერ ჩამდინარე წყლების წარსულში არასათანადო მართვის გამო ადგილი აქვს ნიადაგების სერიოზულ დაგროვილ დაბინძურებას მდინარე მაშავერას მიმდებარე ტერიტორიაზე. 2009 წელს საწარმო ირწმუნებოდა, რომ მის მიერ დაბინძურებულ წყლებს წმენდდა და ხელახლა იყენებდა და არც მდინარეს და არც მის მიმდებარე ტერიტორიას არ აბინძურებდა. თუმცა არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საწარმოს კუდსაცავებიდან მეტალების შემცველი წყლების ბუნებრივ წყალსატევებში გაჟონვა ბოლომდე აღკვეთილი არ იყო. პრობლემაა მაშავერას მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგებში დაგროვილი დაბინძურების განეიტრალებაც [4].

საწარმოს ფუნქციონირება უკვე ისტორიულად ასოცირდება გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებასთან. კარიერის წყლები, რომლებიც გადმოტუმბვის პროცესში და კუდსაცავებიდან ხვდებოდნენ მდინარე კაზრეთულაში და შემდგომ მდ. მაშავერადან გამომდინარე სარწყავი სისტემების მეშვეობით - ბოლნისის რაიონის სოფლების სავარგულებზე. მეორე, კარიერის აღმოსავლეთით მიმდებარე ფერდზე დაყრილი გადასახსნელი ქანები, რომელთა ინტენსიური გარეცხვა ატმოსფერული ნალექებით იწვევს მათ ბიოქიმიურ და ელექტროქიმიურ დაშლას და ფოლადაურის ხეობის დაბინძურებას მძიმე მეტალებით, რაც იწვევს მთელი ეკოსისტემის: ნიადაგის, წყლის, მცენარის და ცოცხალი ორგანიზმების დაბინძურებასა და მოწამვლას [5].


მდინარე მაშავერა. წყარო [6]:

2011 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერას ნაპირიდან 20 მეტრის მოშორებით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ბიოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებელი ტერმინალი აშენდა, რომელიც მდინარეს დაბინძურებისაგან იცავს. აღნიშნული ბიოტერმინალის მუშაობის შედეგად წარმოიქმნება ტექნიკური წყალი, რომლის გამოყენებაც მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებს სარწყავად შეუძლიათ. პროექტის მიხედვით მოეწყო 4 ვაგონისი ტიპის შენობა და 1 დამხმარე ნაგებობა. აღნიშნულ შენობებში დამონტაჟდა წყლის გამფილტრავი დანადგარები და საქლორატორო, რომელიც ბიოლოგიური ნარჩენების გაწმენდა-გადამუშავებას უზრუნველყოფს. [7] მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის მუდმივი კონტროლი, რადგან წლების განმავლობაში დაბინძურებული ნიადაგი და ჰაერი საფრთხეს უქმნის, როგორც იქ მცხოვრები ადამიანებს, ასევე ფლორასა და ფაუნას. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არ არის ჩატარებული ადეკვატური კვლევები, რომლებშიც აღწერილი იქნება მდინარე მაშავერაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა.

ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად მძიმე ეკოლოგიური პრობლემაა შექმნილი დარიშხანის წარმოების ნარჩენებით დაბინძურებული რაჭისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. ყოველგვარი მართვის გარეშე განთავსებულია არანაკლებ 130 ათასი ტონა ტოქსიკური დარიშხანშემცველი ნარჩენი. დარიშხანის საწარმოო ნარჩენები ხვდება ძირითადად ნიადაგსა და წყალში. ნიადაგში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვების შედეგად თანდათანობით იცვლება ნიადაგის ქიმიური შედგენილობა, ირღვევა გეოქიმიური არისა და ცოცხალი ორგანიზმების ერთიანობა. შესაბამისად, მწვავედ დგას ქვემო სვანეთისა და რაჭის ტერიტორიაზე უკონტროლოდ დაყრილი და მდინარეებში ჩარეცხილი დარიშხანის ნარჩენების ტოქსიკური ზემოქმედების საკითხი. დარიშხანს გააჩნია ბიოკუმულაციის უნარი, ამიტომ რეალური საფრთხე შეექმნა ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რაც წლიდან წლამდე რთულდება. იხოცება პირუტყვი, ნადგურდება ფლორა და ფაუნა [8].

 
რაჭა, სოფელი ურავი, ქარხნის ნანგრევები. წყარო [9]:

დასკვნა: ამრიგად, გარემო ძალიან ბინძურდება ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. ამ პროცესების შეჩერება და მინიმიზაცია კი ადამიანზე დიდწილადაა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე საგრძნობლად დაბინძურდა ჰაერი, ნიადაგი, წყალი და საშიშროება შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას, ფლორას, ფაუნას, ამის გამოსწორება ნაწილობრივ შესაძლებელია აქტიური სისტემატური სახელმწიფო კონტროლით. ასევე, სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია ნარჩენების გადამუშავებისა და ნაგავსაყრელების სისტემა. გარდა ამისა, რეგიონებში ვხვდებით გარემოს ისეთი ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლას, როგორიცაა დარიშხანი. რეგიონებში ნარჩენების “გადამუშავების“ ერთ-ერთი გზა მათი დაბალტემპერატურული ღია წვაა, რაც კიდევ უფრო მეტი ტოქსიკური ნივთიერების გამოფრქვევას იწვევს ჰაერში. შესაბამისად, საჭიროა მკაცრი რეგულაციების მიღება და ამავდროულად მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

 ლიტერატურა:

  1.  http://greenalt.org/wp-content/uploads/2013/12/mwvane_politika_da_garemos_dacva.pdf
  2.  http://waste.gov.ge/ka/?page_id=3216
  3. http://www.forestry.ge/?id=11486
  4.  http://cwm.unitar.org/national-profiles/publications/cw/np/np_pdf/Georgia_National_Profile_2009_Georgian.pdf
  5.  http://greenalt.org/old/map/text/madneuli_kvarciti/madneulikvarciti.htm
  6. http://netgazeti.ge/life/6862/
  7.  http://www.ghn.ge/com/news/view/33861
  8.  http://gtu.ge/Ctmf/Science/Disertation/Referat/2016/Nino_Bagrationi.pdf
  9.  http://liberali.ge/articles/view/1448/shavi-kheobis-tetri-satsamlavi

 

გამოქვეყნებულია: 17-07-2018