პროფ. თამაზ აგლაძე

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიური ინჟინერინგის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მწვანე და მდგრადი ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ფუნქციონალური დანაფარების და ნანონაწილაკების ელექტროქიმიური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების რედაქტორი და რედკოლეგიის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ბრიტანეთის სამეფო ქიმიური საზოგადოებისა და ევროპის ზედაპირული ტექნოლოგიების აკადემიის წევრი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ აგლაძე.



თამაზ აგლაძე დაიბადა 1940 წლის 12 აგვისტოს ცნობილ ქართულ ოჯახში. ბაბუა ილია აგლაძე იყო ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი, ხოლო მამა - აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე ელექტროქიმიური სკოლის ფუძემდებელი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე.



საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თამაზ აგლაძე 1964-1985 წლებში მუშაობდა მოსკოვის ლ.კარპოვის სახელობის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტში, ხოლო 1980-1985 წლებში დ. მენდელეევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტში. 1985 წლიდან იგი სამუშაოდ გადმოდის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და იკავებს ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობას. 1996-1998 წლებში იგი იყო საქართველოს მრეწველობის მინისტრი, ხოლო 1995-2006 წლებში კოროზიის წინააღმდეგ ბრძოლის რესპუბლიკური სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი.



თამაზ აგლაძის სამეცნიერო სფეროს წარმოადგენდა თეორიული და გამოყენებითი ელექტროქიმია, ნანოელექტროქიმია და ნანოკატალიზი, გარემოსდაცვითი ელექტროქიმია, კოროზია და კოროზიისგან დაცვა. იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30-ზე მეტი გამოგონების ავტორი, 15-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი.

თამაზ აგლაძის სამეცნიერო მოღვაწეობამ მას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა, ამის ნათელი გამოხატულებაა მისი ნაშრომების მაღალი ციტირების ინდექსი. იგი იყო მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის, მათ შორის გორდონის კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და მონაწილე. იგი მიწვეული იყო ლექციების წასაკითხად კემბრიჯის, ნიუკასლის, ნოტინჰემის, სტენფორდის, ბერკლის, ჯონ-ჰოპკინსის, მინესოტას, ჰოკაიდოს და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში. ამავე დროს იგი იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კომპანიის კონსულტანტი.



თამაზ აგლაძის სამეცნიერო მოღვაწეობა ნაყოფიერი იყო, როგორც თეორიული, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით. მან თანაავტორებთან ერთად რუსთავის ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდის ქარხანაში გადაჭრა უმიშვნელოვანესი პრობლემა და წარმოებაში დანერგა ახალი ტიპის ტიტან-მანგანუმის ანოდები. ასევე აღსანიშნავია მისი მონაწილეობა გომელის ხელსაწყოთმშენებელ ქარხნის მიერ იმპულსური პოტენციოსტატური კომპლექსის წარმოების ათვისების საქმეში.



მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო თამაზ აგლაძის პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა სტუდენტებს შორის, მიღებული აქვს განსაკუთრებული ჯილდო ნომინაციაში „მაგისტრანტთა სიმპათია“.



თამაზ აგლაძე იყო სამაგალითო მამა და ბაბუა, თანამშრომლებთან მისი ურთიერთობა გამოირჩეოდა სამართლიანობითა და გულისხმიერებით. მეგობრების წრეში მას ყოველთვის შემოქონდა მხიარულება თავისი განუმეორებელი იუმორით.



თამაზ აგლაძის გარდაცვალებით საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ და მთლიანად ქართულმა ქიმიურმა მეცნიერებამ განიცადა აუნაზღაურებელი დანაკლისი, ხოლო ოჯახმა, თანაშრომლებმა და მეგობრებმა დაკარგა არაჩვეულებრივი პიროვნება და ადამიანი.



  

გამოქვეყნებულია: 04-01-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას