2017 წლის კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება

3 ნოემბერს, 16:000 საათზე, „თიბისი ბანკი“-ის სათაო ოფისში გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება. კონკურსი უკვე მეშვიდედ ტარდება „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერია „თიბისი ბანკი“. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. კონკურსი ხორციელდება ორი მიმართულებით: სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა. გამოგონებად ჩაითვლება იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტის იდეა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმისა (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალიწინებით.



2017 წლის გამოცხადებულ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი, რომლებიც გამოფენილი იქნა „თიბისი ბანკში“. გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით. 44 საკონკურსო განაცხადიდან 19 განაცხადი წარდგენილია საქართველოს რეგიონებიდან (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო 25 - თბილისიდან. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.



კონკურსის შედეგად გამოვლინდა ერთი გრან პრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელი პროექტები. გრან პრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი გაემგზავრება საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი დაჯილდოვდა 5000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 3000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარით.



გრან პრის მფლობელები გახდნენ: გრიგოლ მიქაძე, ლუკა ბუსქანძე, ცოტნე მიქაძე პროექტის სახელწოდება კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება. მათ ასევე გადაეცა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცის მიერ დაწესებული პრიზები და სიგელები ქიმიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის. გამარჯვებულებს პრიზები ასოციაციის სახელით გადასცეს ელიზბარ ელიზბარშვილმა და ნათია ოჩხიკიძემ.



პირველი ადგილი დაიკავეს: იონა იობიძემ და გიორგი ურატიძემ პროექტის სახელწოდება - მანძილის მზომი რობოტი.



მეორე ადგილზე გავიდნენ: ჯემალ გონაშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, იოანე სალუქვაძე პროექტის სახელწოდება - ჭკვიანი ურიკა.



მესამე ადგილი წილად ხვდა: შორენა გუჯაბიძეს, დეა ილარიონოვასა და მარინა გუჯაბიძეს პროექტის სახელწოდება -“უჩინარის მაჩინარი"-მოზაიკური ეკრანი “შლიერენის” გამოსავლენად.



საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ „ინტელის“ საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში.



დაჯილდოვების ცერემონიალის ამსახველი ფოტო გალერეა.





წყარო

  

გამოქვეყნებულია: 04-11-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას