სიახლეები

 

სამეცნიერო თანამშრომლობა ჯორჯიის უნივერსიტეტთან

2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ჯორჯიის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა შეთანხმება ერთობლივი სამეცნიერო პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის სათაურია: ,,ჩაის ფოთლის პექტინებისა და პოლიფენოლების სინერგეტიკული ბიოაქტივობისა და შავი ჩაის წარმოებაში პექტინაზური ფერმენტების როლის გამოკვლევა".



პროექტის მიზანია, ჩაის პოლიფენოლებისა და პექტინების სინერგეტიკული, ანტიმიკრობული და ანტისიმსივნური აქტივობების გამოკვლევა მოდელურსა და ინვივო-ექსპერიმენტებში. ასევე, პექტინური ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური ცვლილებების და პექტინაზური ფერმენტების როლის გამოკვლევა შავი ჩაის გადამუშავების პროცესში. ამ ყველაფერს ჩაის ხარისხისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.



პროექტის შესრულებაში ჩართულები იქნებიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ანასეულის ჩაისა და სუბტრობიკული კულტურების ინსტიტუტის, ჯორჯიის უნივერსიტეტის, და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები. პროექტის ხანგრძლივობა არის თვრამეტი თვე.



პროექტის შესრულების ხარჯებს თანაბრად ინაწილებენ მასში მონაწილე მხარეები. პროექტის ღირებულება არის 120 000 $. აქედან აგრარული უნივერსიტეტის ფინანსური წილი 100 000 ლარს შეადგენს.



აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი არის ლევან გულუა. ხოლო ჯორჯიის უნივერსიტეტის მხრიდან - ლუის ვიკერი.

 

 

გამოქვეყნებულია: 01-04-2014