სტუმრები

მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადას ქიმიაში “ზურგჩანთა“ აფასებს ოლიმპიადის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფ. გია ხატისაშვილი



 

 

ოლიმპიადა “ზურგჩანთა“

ბატონო გია,  ოლიმპიადის რამდენიმე თვიანი მარათონი დასრულდა.  როგორ შეაჯამებდით ოლიმპიადა „ზურგჩანთას“?

პირველ რიგში ყველას, ვინც მონაწილეობდა ოლიმპიადაში „ზურგჩანთა“, ვულოცავ პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ოლიმპიადის ყველაზე მთავარ მონაწილეებს - ჩვენს მოსწავლეებს. მათ თავდადებულად იშრომეს და ეს დაუფასდათ კიდევაც. მათ მინდა ვუთხრა, რომ ფინალურ ტურში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა, ძალიან დიდი წარმატებაა და იმედი მაქვს, ეს მათთვის სტიმული იქნება, რომ უფრო ღრმად შეისწავლონ ქიმია. ეს მხოლოდ ოლიმპიადებში და გამოცდებში წარმატების მისაღწევად კი არა, არამედ მთელ ცხოვრებაში გამოადგებათ, მიუხედავად იმისა, ძირითად პროფესიად ქიმიას აირჩევენ თუ არა.

 

რა არსებითი განსხვავებაა „ზურგჩანთასა“ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაა შორის?

ზოგადად, ყველა სასწავლო ოლიმპიადის მიზანია, საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესების გაღვივება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება და ა. შ.  ოლიმპიადა „ზურგჩანთა“ ფორმატითაც ნაწილობრივ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მსგავსი იყო, მაგრამ, ამასთან ერთად, განსხვავებაც ბევრი იყო. მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ ოლიმპიადა „ზურგჩანთა“ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა და თავის გამოჩენა მე-8 და მე-9 კლასელებსაც მიეცათ. გარდა ამისა, განსხვავებული იყო დავალებათა ტიპებიც, განსაკუთრებით, ფინალურ ტურში. ეს დავალებები დაახლოებით იმავე პრინციპით იყო შედგენილი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამოიყენება ხოლმე. შეიძლება მოსწავლეებს ეს ეუცხოვათ და ამან დაბნეულობაც გამოიწვია მათში, მაგრამ ასეთი, არასტანდარტული ამოცანები უკეთ ამოწმებს, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და უნარები უცნობი პრობლემის გადაწყვეტისას, რამდენად ადეკვატურად და სწრაფად ვიაზრებთ წაკითხულს, რამდენად კრეატიულები ვართ და ა. შ. გარდა ამისა, ამოცანაში მოცემულ პირობას შემეცნებითი მიზნებიც აქვს და ბევრ საინტერესო  ინფორმაციას გვაცნობს ხოლმე.

ოლიმპიადის „ზურგჩანთა“  პრიზიორებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე არსებული პრინციპების მიხედვით გამოვლინდა - თითოეულ კლასში რამდენიმე ოქროს, რამდენიმე ვერცხლისა და რამდენიმე ბრინჯაოს პრიზიორი დაჯილდოვდა. ასევე, თითოეულ კლასში დასახელდა თითო საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე - მათ სპეციალური მედლები მოიპოვეს.

 

ოლიმპიადის ხარისხს და შესაბამისად პრესტიჟულობას, განაპირობებს ოლიმპიადის ე.წ. სამეცნიერო ნაწილი - საოლიმპიადო ამოცანები, მათი სირთულე, ტიპი, შეფასების სისტემა, გამჭვირვალობა და აპელაციის შესაძლებლობა. ამ ყველაფერს კი სამეცნიერო გუნდი უზრუნველყოფს.  ვიცით, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ. თქვენს არსენალში არაერთი  ოლიმპიადაა: ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა IChO-2016, ეროვნული ოლიმპიადები, კონკურსი „ლავუაზიე“ და სხვა. მაგრამ  ოლიმპიადის ორგანიზებას გუნდი სჭიდება. მოგვიყევით ამ გუნდის შესახებ.

ამოცანების შედგენაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადის „ზურგჩანთა“  სამეცნიერო გუნდის წევრებმა: ლაშა ხუციშვილმა, რომეო კარაპუტაძემ, ვანო კავთელაშვილმა და ზაკო სანიკიძემ. ისინი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ლაშა საქართველოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და საერთაშორისო ოლიმპიადების პრიზიორია. მისი გამოცდილება, ცოდნა და უნარები ამ ჯგუფის წამყვანი ძალა იყო. რომეო, გარდა ამოცანების შედგენისა, აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიადის პროგრამულ უზრუნველყოფაში. ვანო, რომელიც არაორგანული ქიმიის ღრმა ცოდნით გამოირჩევა, ამოცანებში გამოყენებული ბევრი ორიგინალური იდეის ავტორია. ზაკომ თავისი შემოქმედება ორგანული ქიმიის მრავალპროფილიან ამოცანებში ჩააქსოვა.

ეს საქმე - ოლიმპიადის დავალებათა შედგენა - მათთვის სიახლე და დიდი გამოწვევა იყო. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ მათი დებიუტი  წარმატებულია - ამ ბიჭებმა რამდენიმე ისეთი ლამაზი და შინაარსიანი ამოცანა შექმნეს, რომლებიც სასკოლო რესურსადაც გამოდგება და რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამოყენების პერსპექტივაც აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს სტუდენტები მომავალშიც მრავალჯერ გვიჩვენებენ თავის შემოქმედებას.

 

მადლობა. ჩვენც წარმატებას ვუსურვებთ ამ ახალგაზრდებს. და ბოლოს, როგორ შეაფასებდით ამ პროექტს. თქვენი გადასახედიდან რამდენად გაამართლა „ზურგჩანთამ“?

ჩემი აზრით, პროექტმა „სკოლა „ზურგჩანთა“ არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ჩემს ყველაზე საუკეთესო მოლოდინსაც კი გადააჭარბა. პროექტი უნიკალური აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ მან ყველას რაღაც გვასწავლა: მოსწავლეებს - ქიმია; ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს - როგორ ასწავლონ ქიმია online რეჟიმში; ჩვენ, უფრო გამოცდილებს - როგორ წარვმართოთ ეფექტურად ასეთი სკოლის მუშაობა და ა. შ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ახალგაზრდა მასწავლებლების გუნდის დაუღალავი და მეტად ნაყოფიერი შრომა, რამაც პროექტის წარმატება უზრუნველყო. დარწმუნებული ვარ, ისინი მომავალშიც ასეთი რუდუნებით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით მიუდგებიან საქმეს და მათგან  მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგებს მივიღებთ.

 

ბატონო გია, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა მთელს იმ გუნდს, რომელიც აქტიურად იყოს ჩართული ამ პროექტში და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ წლებშიც გააგრძელებს საქმიანობას და  კიდევ უფრო მეტ, ქიმიით დაინტერესებულ ახალგაზრდას შეუწყობს ხელს ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს საკუთარი თავი.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 07-06-2022