სტუმრები

ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი.



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი არის საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი. მის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგი ბმულის საშუალებით >>>

 

 

ელექტრონული სწავლება ქიმიაში

-ცნობილია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში ფუნქციონირებს ვირტუალური ქიმიის ლაბორატორია. რას გვეტყოდით მის შესახებ?

2016 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის  ფაკულტეტზე ქიმიის დეპარტამენტში გახსნილია და მოქმედებს ვირტუალური ქიმიის ლაბორატორია, სადაც წარმატებით გამოიყენება ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის შექმნილი პროექტი: ვირტუალური პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები ზოგად ქიმიაში (ავტორები: ჟუჟუნა პეტრიაშვილი, დავით სონღულაშვილი). შექმნილი მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სადემონსტრაციოდ  და ასევე დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

- როგორია მუშაობის სტილი ვირტუალურ ლაბორატორიაში?

ვირტუალური ქიმიის ლაბორატორიაში, დიდ ეკრანზე შესაძლებელია ვირტუალური მასალის დემონსტრირება, რასაც აკეთებს პედაგოგი. სტუდენტებისათვის განკუთვნილ კომპიუტერებში კი ჩატვირთულია ზოგადი ქიმიის პროგრამის შესაბამისი კომპლექსური დავალება: თეორიული მასალის, ექსპერიმენტების,   ექსპერიმენტული ამოცანებისა და თვითშეფასების ტესტების სახით.  სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების შემდეგ სტუდენტი იღებს შეფასებას და შესრულებულ დავალებებს ინახავს პირად ფოლდერში, როგორც დოკუმენტულ მასალას. მინდა აღვნიშნო, რომ მასალა წარმატებით მუშაობს. სტუდენტები ეცნობიან სამუშაოს მიზანს, დამოუკიდებლად იმეორებენ შესაბამის თეორიულ მასალას, ხალისით ატარებენ ექსპერიმენტებს, მოლეკულურ დონეზე წვდებიან ქიმიური პროცესების არსს. პროგრამის წარმატებით ათვისებისათვის გამოცემულია დამხმარე სახელმძღვანელო: ,,ვირტუალური  სამუშაოები ზოგად ქიმიაში’’.

-პანდემიის პირობებში სწავლება მიმდინარეობდა ელექტრონულად. როგორ დაგეხმარათ ვირტუალური სამუშაოები სტუდებტებთან ონლაინ რეჟიმში მუშაობისას?

-ვირტუალური სამუშაოების პროგრამამ წარმატებით იმუშავა 2016 წლიდან, მაგრამ  განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა ონლაინ სწავლებისას. მინდა აღვნიშნო, რომ შეუძლებელი იქნებოდა ვირტუალური სამუშაოების გამოყენების გარეშე სტუდენტებთან საინტერესო მეცადინეობების ჩატარება.  ზოგადი ქიმიის ვირტუალური პროგრამა გამოვიყენეთ როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის. სტუდენტების ონლაინ სწავლების გამოცდილების საფუძველზე შექმნილია ზოგადი ქიმიის ლაბორატორიულ სამუშაოების კრებული ონლაინ სწავლებისათვის, რამაც წარმატებით გაიარა აპრობაცია და იგეგმება მისი გამოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

-რა ტიპის  სამუშაოები არის კიდევ შექმნილი?

 

გარდა საბაკალავრო სწავლების პროგრამისა, შექმნილია  საშუალო სკოლის VIII, IX და X კლასების პროგრამის შესაბამისი ვირტუალური სამუშაოები: სადემონსტრაციო მასალა, პრაქტიკული, ლაბორატორიული სამუშაოები (ოქმებით) და ექსპერიმენტული ამოცანები.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია ვირტუალური სამუშაოები საშუალო სკოლებისათვის?

ზოგადსაგანმანათლებო სკოლებს დიდი ხანია, პრაქტიკაში აქვთ ელექტრონული რესურსების გამოყენება, მაგრამ, ქართულენოვანი მასალის სიმცირის გამო, ძირითადად გამოიყენება ინგლისურენოვანი რესურსები.

-არსებობს ქართულენოვანი ვირტუალური მასალა ქიმიაში?

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოშიც მუშაობენ ქიმიკოსები, სკოლის პედაგოგები და აქვეყნებენ სხვადასხვა სახის ონლაინ რესურსს, მაგრამ ასეთი მასშტაბური ხასიათის და საშუალო სკოლის პროგრამასთან შესაბამისი სამუშაოები, ვფიქრობ, ქართულ ენაზე არ მოიპოვება (არ ვგულისხმობ თარგმნილ მასალას).

 

-როგორ შეიძლება შექმნილი რესურსით სარგებლობა?

საუნივერსიტეტო ცენტრის: ,,ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ცენტრი ქიმიაში“ მისამართია ELTC.gtu.ge. აქ  განთავსებულია  პრაქტიკული და ლაბორატორიული ვირტუალური სამუშაოები, როგორც უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის, ისე საშუალო სკოლების მოსწავლეებისათვის  და ასევე სხვადასხვა ონლაინ რესურსი (ცხრილები, პრეზენტაციები, სადემონსტრაციო ფილმები, ტესტები და სხვა). ზოგიერთი მათგანი უფასოა, ზოგიერთის შეძენის პირობები კი ამავე ელექტრონულ მისამართზეა მითითებული.

 

- დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ.

ესაუბრა chemistry..ge

გამოქვეყნებულია 01-03-2021