დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრანტი თენგიზ ნოზაძე



 

ბიოლოგიიდან ქიმიაში

- თქვენ განათლებით ბიოლოგი ხართ და რა გაკავშირებთ ქიმიასთან?

- პირველი საგანი, რომელმაც ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა იყო ბიოქიმია. ძალიან დავინტერესდი ქიმიური რეაქციებით, რომლებიც საფუძვლად უდევს სიცოცხლეს. შემდეგ აქტიურად დავიწყე ორგანული ქიმიის სწავლა, გადავწვდი არაორგანულსაც და იმდენად გაივრცო ჩემი ინტერესი ქიმიისადმი, რომ დღეს მაგისტრატურაში სწორედ ქიმიის მიმართულებით ვსწავლობ.

- როგორ ჩანს ქიმია ბიოლოგიის გადასახედიდან?

- ქიმია არის ენა, რომლითაც სხვადასხვა მიკრო თუ მაკრო მოლეკულები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ ორგანიზმში. ყველაფრის საფუძველი არის ქიმიური რეაქცია. ბიოლოგის გადმოსახედიდან ქიმიკოსი არის ადამიანი, რომელსაც პოტენციურად ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია. ქიმიის ისეთი დარგები, როგორიცაა ანალიზური ქიმია, ფიზიკური ქიმია ბიოლოგიის გადმოსახედიდან არის საინტერესო, მაგრამ მიუწვდომელი. არაორგანული და ორგანული ქიმია კი არის საშუალება ბიოლოგისთვის ახლიდან აღმოაჩინოს ყველაფერი, რაც აქამდე იცოდა.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ სულ ახლა მიიღეთ გრანტი, პირველ რიგში გილოცავთ. თუ შეიძლება მოკლედ გვითხარით, რა იგეგმება ამ საგრანტო პროექტით და რა შედეგის მოლოდინი გაქვთ?

- მადლობა. საგრანტო პროექტის დასახელებაა სალენის ტიპის ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა. ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება ვეკუას სახელობის საჯარო სკოლის ბაზაზე ქიმიური კლუბის ჩამოყალიბება და აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სალენის ტიპის ნაერთების მიღება, გასუფთავება, კომპლექსების მიღება და მიღებული ნაერთების ფლოურესცენტული და ბიოლოგიური აქტივობის შესწავლა. აღნიშნული გრანტი სასწავლო ტიპისაა და მთავარი აქცენტი იქნება სკოლის მოსწავლეების ჩართვაზე კვლევით საქმიანობაში. იმედი გვაქვს, ყველა დასახულ მიზანს წარმატებით მივაღწევთ.

- თუ ყოფილხართ ადრეც ჩართული რაიმე სახის ქიმიის სფეროს პროექტში.

- 2016 წელს ვიყავი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა და ჩემმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება. ალბათ, საუკეთესო ზაფხული ჩემს ცხოვრებაში. ამ პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერულ გადაწყვეტილებებზე.

- თქვენი გადასახედიდან, თანამედროვე ბიოლოგს რამდენად სჭირდება ქიმიის ცოდნა? და თუ სჭირდება, რა საკითხების ცოდნას ურჩევდით მათ?

- თანამედროვე ბიოლოგია შეგვიძლია დავყოთ სამ დიდ დარგად, ესენია: მოლეკულური ბიოლოგია, გენეტიკა და ბიოქიმია. რომელ სფეროშიც არ უნდა გადაწყვიტოს მოღვაწეობა ბიოლოგმა, ქიმია მისთვის აუცილებელია (განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მომავალი ბიოქიმიკოსებისთვის). როგორც თეორიული საკითხების გასააზრებლად, ასევე ლაბორატორიაში მუშაობის დროს ქიმიის ცოდნა საუკეთესო იარაღია ბიოლოგის არსენალში. აუცილებლად ვურჩევდი ორგანული ქიმიის კარგად დაუფლებას. ადამიანის ორგანიზმის თითქმის 99 %-ს წარმოადგენს მხოლოდ 6 ქიმიური ელემენტი: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი, კალციუმი და ფოსფორი. კალციუმის გამოკლებით, ოთხივე მთავარი ბიოპოლიმერი აგებულია სწორედ ამ ელემენტებისგან, შესაბამისად რაც უკეთ იცი ორგანული ქიმია, მით უკეთ იაზრებ როგორ მუშაობენ ბიოპოლიმერები.



- როგორც ბიოლოგი, რას ურჩევდით ქიმიკოს სტუდენტებს?

- ქიმიკოს სტუდენტებს ვურჩევდი, რომ მეტად დაინტერესდნენ ბიოლოგიით. ბიოლოგის და ქიმიკოსის თანამშრომლობა ყველაზე წარმატებული თანამშრომლობაა მეცნიერებაში.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- მას შემდეგ რაც სამაგისტრო თემაზე მუშაობას დავასრულებ, რა თქმა უნდა ვფიქრობ სადოქტორო სკოლაში ჩაბარებას. იქნება ეს უცხოეთში თუ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში. ზოგადად, გამორჩეულად მაინტერესებს ბიო-არაორგანული ქიმია, ანუ მეტალების როლი ცოცხალ სამყაროში. ახლაც აღნიშნულ თემასთან ახლოს ვმუშაობ და მომავალშიც მაქვს სურვილი უკეთ გავეცნო და გამოვიკვლიო ევოლუციის გასაოცარი გადაწყვეტილებები სხვადასხვა მეტალების იონების ცოცხალ ორგანიზმებში ასიმილაციის თაობაზე.


 

ესაუბრა იბრაგიმ მამედოვი

2018-06-10

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას