სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის ხელმძღვანელი თინათინ ბუთხუზი



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

დაიბადა 1982 წლის 12 დეკემბერს. 2000 წელს დაამთავრა სამეცნიერო-ტექნიკური ლიცეუმი. სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში თითქმის ყველა საგანში, მაგრამ განსაკუთრებულად დაინტერესებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და მათემატიკით. საბოლოოდ აირჩია ქიმია. 2000 წელს, როგორც ქიმიის ოლიმპიადის გამარჯვებული, უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. 2004 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი და იმავე წელს ჩაირიცხა მაგისტრატურაში ანალიზური და გარემოს ქიმიის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 2006 წელს. 2007 წელს მუშაობა დაიწყო ღვინის ქარხანაში, 2008 წლიდან კი - დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში. 2011 წელს ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და მიიღო საუკეთესო მასწავლებლის სერტიფიკატი. 2012 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერია. 2009 წელს ჩააბარა დოქტორანტურაში კოლოიდური და ფიზიკური ქიმიის მიმართულებაზე. 2015 წელს მიიღო ქიმიის დოქტორის ხარისხი. დოქტორანტურაში სწავლის და მუშაობის პერიოდში გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში და სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. 2012-2013 წლებში სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტში. 2014 წლიდან ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მენტორია.

 

 

ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელი

- საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ ცოტა ხნის წინ გააკეთა ანონსი, რომ გეგმავს ნორჩ-ქიმიკოსთა გლობალური ქსელის შექმნას. თუ შეიძლება გვითხარით, რას მოიცავს ეს პროექტი?

 

- პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რომელმაც „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში დააფინანსა ჩვენი ასოციაცია და საშუალება მოგვეცა შეგვექმნა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი.

 

პროექტის მიზანია შევქნათ ნორჩ-ქიმიკოსთა ვებ პორტალი, რომელშიც თითოეულ კლუბს ექნება საკუთარი ვებ გვერდი. მოცემულ ვებ გვერდზე კლუბები შეძლებენ განათავსონ მათ მიერ განხორციელებული აქტივობები. ამ პროექტის იდეა ჩვენ დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ სათანადო ფინანსური რესურსების უქონლობის გამო ვერ ვანხორციელებდით. ახლა კი მოგვეცა შანსი და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში გვექნება საქართველოში რამდენიმე ასეული ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ქსელი, რომელთა მიერ განხორციელებული აქტივობები განთავსდება ორგანიზებულად

 

- თუ შეიძლება ცოტა უფრო დაწვრილებით გვითხრით პროექტის შესახებ.

- პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებ პორტალი, რომელიც განთავსდება ვებ-მისამართზე www.chemclub.edu.ge. ვებ პორტალში თითოეულ კლუბს ექნება საკუთარი ვებ გვერდი და მისი სამართავი ადმინისტრატორის პანელი. კლუბს საკუთარ ვებ გვერდზე შეეძლება განათავსოს განცხადება, ანონსი, პრეზენტაცია, პროექტი და ვიდეო კლიპი. თითოეული კლუბის ვებ გვერდიდან შესაბამისი ინფორმაცია აისახება ვებ პორტალის მთავარ გვერდზეც. შესაბამისად, ვებ პორტალზე შესულ პირს ექნება საშუალება ნახოს თითოეული კლუბის მიერ განხორციელებული აქტივობების მოკლე ანონსები და დაინტერესების შემთხვევაში ერთი დაწკაპუნებით გადავიდეს შესაბამისი კლუბის ვებ გვერდზე და უკვე ადგილზე გაეცნოს დაწვრილებით ინფორმაციას.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დღეისათვის საქართველოში არაერთი კლუბი არსებობს, რომლებიც აქტივობებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში ან რაიმე უფასო ბლოგ-პოსტების ვებ სადგურებზე. სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია სამწუხაროდ ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, თან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მათი მოძიება-მოკვლევა. რაც შეეხება უფასო ვებ სადგურებს, ისინი როგორც წესი, გარკვეული პროექტების ფარგლებში იქმნება და პროექტის დასრულების შემდეგ წყვეტენ არსებობას. შედეგად კი მასზე განთავსებული ინფორმაცია სამწუხაროდ იკარგება.

  

- თქვენც ხომ გარკვეული პროექტის ფარგლებში აპირებთ ამ პორტალის შექმნას და როგორ წარმოგიდგენიათ მისი მდგრადობა პროექტის დასრულების შემდეგ? ამ შემთხვევაში რატომ არ არის ინფორმაციის დაკარგვის რისკი?

- გმადლობთ, კარგი კითხვაა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი პროექტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერის საჭიროება მხოლოდ ე.წ, სტარტ-აპის სტადიაზეა საჭირო. ჩვენს მიერ ჩაფიქრებული მოდელის მიხედვით, ერთი წლის შემდეგ კლუბების ქსელმა თავად უნდა შეძლოს არსებობა საკუთარი რესურსებით. შესაბამისად, ვებ გვერდი იარსებებს მანამ, სანამ მასში გაწევრიანებული კლუბები თავად არ იტყვიან უარს მის ფუნქციონირებაზე. ამდენად, კლუბის ვებ გვერდის მუშაობა არ იქნება დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე.

 

- ასეთი მოდელის შემთხვევაში ალბათ რაღაც სახის ცენტრალიზებული მართვაც იქნება საჭირო?

- დიახ, რა თქმა უნდა. მართვას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებსაც ქსელში გაწევრიანებული კლუბების ხელმძღვანელები აირჩევენ რეგიონების, გამოცდილების და ა.შ. კრიტერიუმებით. ეს მათი გადასაწყვეტი იქნება. სამეთვალყურეო საბჭო არჩევითი „ორგანო“ იქნება, რომელის წევრების 30% ყოველწლიურად როტაციას დაექვემდებარება. სამეთვალყურეო საბჭოში ერთი წევრი ყოველთვის ეყოლება საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციას.

 

- თქვენი იდეა გასაგებია. რა არის საჭირო იმისათვის, რომ კლუბი გაწევრიანდეს ამ ქსელში?

- პრაქტიკულად მხოლოდ სურვილი და ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის ნორმების მიღება. ამ უკანასკნელში იგულისხმება ინფორმაციის გაფორმების ფორმების უნიფიცირება, ანუ ისეთი ფორმით წარმოდგენა, რომ ვებ საიტზე მოხდეს მისი განთავსება. ვებ გვერდის ადმინისტრატორის პანელს აქვთ თავისი ტექნიკური პარამეტრები და მისი დაცვა იქნება საჭირო. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა. გარდა ამისა, კლუბს უნდა ჰქონდეს საკუთარი ლოგო, დასახელება, დევიზი, ჰყავდეს ერთი ან რამდენივე ხელმძღვანელი და აქტიური წევრები. ამ ფორმალობების მოგვარებაში მათ დახმარებას ჩვენი ასოციაციას გაუწევს.

 

- გასაგებია, ეს ეხება მათ, ვისაც უკვე აქვს ასეთი კლუბი ჩამოყალიბებული. მაგრამ კლუბის შექმნა მარტივია? როგორ უნდა შექნას მასწავლებელმა კლუბი, რომელსაც სურვილი აქვს ჩაერთოს კლუბების ქსელში?

- ესეც არ არის რთული. კლუბის შესაქმნელად ყველა ფორმალური საკითხის გადაჭრაში მათ სპქა დაეხმარება. კლუბის მუშაობისათვის დებულებისა თუ რეგლამენტის შემუშავებაში ჩვენი იურისტი დაეხმარება. ლოგოს დიზაინსაც თუ ვერ შეძლებენ, კლუბის ლოგოს გამოყენება და მოდიფიცირების უფლება ექნებათ. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი სამუშაო შეხვედრის ჩატარება.

 

- რას ემსახურება ეს ტრენინგები?

- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება არ იგეგმება. მინდა პროექტში ჩართვის მსურველებს სწორი მოლოდინი ჰქონდეთ. ჩვენ ტრენინგებს არ ვატარებთ. ჩვენს შეხვედრებს ექნება “სამუშაო შეხვედრების” ფორმატი, რომლის დანიშნულებაა მასწავლებლები მოვამზადოთ და დავეხმაროთ კლუბების შესაქმნელად.

 

შესაბამისად, პირველი შეხვედრების ციკლი დაიწყება იანვრის 20-დან და ერთ თვეს გასტანს. შეხვედრებს გავმართავთ საქართველოს თორმეტივე რეგიონში. ამჟამად მიმდინარეობს იმ სკოლებთან მოლაპარაკება, სადაც ეს შეხვედრები ჩატარდება. დაზუსტებულ ინფორმაციას პროექტის ვებ გვერდზე გამოვაქვეყნებთ. აქვე დავძენ, რომ ყველა იმ სკოლასა თუ უნივერსიტეტზე, რომელიც სამუშაო შეხვედრებისთვის დაგვითმობს სივრცეს, როგორც ჩვენი ასოციაციისა და პროექტის მხარდამჭერი, სპეციალურ ინფორმაციას განვათავსებთ პროექტის ვებ-გვერდზე.

პირველი ციკლის შეხვედრების მიზანია კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგადი წესების გაცნობა-განხილვა. გარდა ამისა, შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა რომელიმე ქიმიური ექსპერიმენტის პრაქტიკულ ჩატარებას. ამასთან დაკავშირებით, მასწავლეებლებს აქვთ საშუალება რეგისტრაციის დროს მიუთითონ მათთვის საჭირო ან უფრო მეტად მნიშნელოვანი საკითხი და ჩვენ შესაბამის ჯგუფთან შეხვედრის დაგეგმვისას ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ.

 

მეორე ციკლი დაგეგმილია მარტის თვეში და ვგეგმავთ განვიხილოთ, ერთი მარტივი ქიმიური ექსპერიმენტი თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ პროექტად. თითოეულ სამუშაო ჯგუფში ერთი ასეთი პროექტი შესრულდება დ მათ მიეცემათ დავალება თავადაც შექმნან მსგავსი პროექტები. ამავდროულად, უკვე დავიწყებთ კლუბების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში მასწავლებლებთან ვიქნებით მუდმივ კონტაქტში საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა, მათთვის მისაღები საშუალებების გამოყენებით (Edmodo, Facebook, skype და ა.შ.).

 

მესამე ციკლი ჩატარდება აპრილში და განვიხილავთ ელექტრონული რესურსების შექმნის პრაქტიკულ მეთოდებს. კლუბის ხელმძღვანელები დარეგისტრირდებიან ნორჩ-ქიმიკოსთა პორტალზე. ჩვენ მათ ავუხსნით, თუ როგორ მართონ საკუთარი კლუბის ვებ გვერდი - როგორ მოამზადონ მასალა და როგორ განათავსონ ვებ სივრცეში.

 

-დიდი მადლობა დეტალური ინფორმაციისათვის. მიზნები შეიძლება ითქვას რომ დიდია და საინტერესო. მაგრამ როგორ გაზომავთ, თუ რამდენად მიაღწიეთ შედეგს?

- მე ვფიქრობ, რომ შედეგების გაზომვა არ იქნება რთული, ვინაიდან ინდიკატორები ძალიან მარტივი და გამჭირვალეა. ერთი ასეთი ინდიკატორი იქნება პორტალზე დარეგისტრირებული კლუბების რაოდენობა. მეორე ინდიკატორი იქნება თვით კლუბების მიერ შექმნილი რესურსები და რაოდენობა, რომელიც ასევე ვებ გვერდზე იქნება განთავსებული. მესამე ინდიკატორი იქნება კლუბების მიერ განთავსებულ მასალაზე მიმართვის და მოწონების რაოდენობა. შეიძლება ითქვას, ეს უკანასკნელი თითოეულ აქტივობას თვისობრივადაც დაახასიათებს.

 

გარდა ამისა, პროექტის დასასრულს მაისის თვეში ჩავატარებთ ორი კონფერენციას ქუთაისსა და თბილისში, რომელზეც განვიხილავთ პროექტის ფარგლებში შექმნილი კლუბების მიერ განხორციელებულ პროექტებს. ასევე დავგეგმავთ სამომავლო გეგმებს. კონფერენციებს ექნება საკუთარი ვებ გვერდი და გადაწყვეტილი გვაქვს ეს კონფერენცია გახდეს ყოველწლიური. შესაბამისად, ყოველ წელს გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ ხოლმე მთელი წლის საქმიანობა.

 

- კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?

- შემდეგი წელი არის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის შექმნის 150-ე და IUPAC-ის დაარსების მე-100 წლისთავი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქიმიკოსები ამ ორი თარიღის განსაკუთრებით აღნიშვნისათვის ემზადებიან. ჩვენც ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ ამ საერთო ფერხულს. ამიტომ არაერთ საინტერესო სიურპრიზს ვპირდებით შემდეგ წელში ყველა იმ კლუბს, რომელიც განსაკუთრებით გამოიჩენ თავს. ამისათვის ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ვებ გვერდზე მუდმივად იქნება გამოქვეყნებული კლუბების საუკეთესო ათეული და კვირის საუკეთესო აქტივობა.

 

მიმდინარე პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ მასწავლებლებს შეუძლიათ ნახონ პროექტის ვებ გვერდზე: http://chemistry.ge/projects/chemclub/index.html. ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია. უკვე რეგისტრირებულია 250-ზე მეტი მასწავლებელი. რეგისტრაცია დაიხურება 15 იანვარს, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს კოლეგას, ვინც ჯერ კიდევ არ რის დარეგისტრირებული, გაიარონ რეგისტრაცია. ერთად შევქმნათ ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელი და საინტერესო პროექტებით შევხვდეთ 2019 წლის ორ დიდ ღირსშესანიშნავ თარიღს.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 01-07-2018