სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მენტორი თინათინ ბუთხუზი



მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:

დაიბადა 1982 წლის 12 დეკემბერს. 2000 წელს დაამთავრა სამეცნიერო-ტექნიკური ლიცეუმი. სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ ოლიმპიადებში თითქმის ყველა საგანში, მაგრამ განსაკუთრებულად დაინტერესებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და მათემატიკით. საბოლოოდ აირჩია ქიმია. 2000 წელს, როგორც ქიმიის ოლიმპიადის გამარჯვებული, უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. 2004 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი და იმავე წელს ჩაირიცხა მაგისტრატურაში ანალიზური და გარემოს ქიმიის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 2006 წელს. 2007 წელს მუშაობა დაიწყო ღვინის ქარხანაში, 2008 წლიდან კი - დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში. 2011 წელს ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და მიიღო საუკეთესო მასწავლებლის სერტიფიკატი. 2012 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერია. 2009 წელს ჩააბარა დოქტორანტურაში კოლოიდური და ფიზიკური ქიმიის მიმართულებაზე. 2015 წელს მიიღო ქიმიის დოქტორის ხარისხი. დოქტორანტურაში სწავლის და მუშაობის პერიოდში გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში და სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. 2012-2013 წლებში სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტში. 2014 წლიდან ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მენტორია.

 

 

საქართველო და IChO-2017

-ქალაბატონო თინათინ რა საქმიანობას ეწევით ამ მომენტში?

-ამ ეტაპზე ვმუშაობ სკოლაში, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, ასევე ვარ „მასწვალებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ მოდულის ავტორი და ზოგადი განათლების ტრენერი.

 

-როდის დაიწყეთ საქართველოს ქიმიის ნაკრების მენტორად მუშაობა?

-საქართველოს ქიმიის ნაკრების მენტორად მუშაობა დავიწყე 2014 წელს, მას შემდეგ რაც საქართველომ პირველი ნაკრები წარადგინა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. საერთაშორისო ოლიმპიადის ქიმიის ნაკრების მენტორობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება იყო. მე თავად სკოლის ასაკიდან ვმონაწილეობდი რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე და რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი სხვადასხვა ოლიმპიადის გამარჯვებული. როგორც ოლიმპიადის გამარჯვებული 2000 წელს უგამოცდოდ ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში საქართველო არ ღებულობდა მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიადებში, ამიტომ როგორც მოსწავლეს, მე არ მომეცა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა ასეთი დონის ღონისძიებაში. მინდა მადლობა ვუთხრა ელიზბარ ელიზბარაშვილს იმისათვის რომ მან მიმიწვია ოლიმპიადის მენტორად და დღეს მაქვს შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მივიღო ნაკრების წევრების მომზადებაში და ოლიმპიადის მიმდინარეობაში.

 

-ხომ ვერ გვეტყვით რამდენი ქვეყანაა ჩართული ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე?

-ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წელს მონაწილეობას იღებდა 76 ქვეყანა. სულ მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა იყო 297. ორი ქვეყანა მონაწილეობას იღებდა დამკვირვებლის სტატუსით.


-საქართველო როდიდან ჩაერთო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში?

-2012 წლიდან ნაკრების ლიდერი, ბატონი ელიზბარ ელიზბარაშვილი ოლიმპიადას ესწრებოდა დამკვირვებლის სტატუსით. სრული შემადგენლობით კი საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაში ჩაერთო 2014 წლიდან. ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ სამი მენტორი (ნაკრების ლიდერი - ელიზბარ ელიზბარაშივილი, ნაკრების თანალიდერი - ვახტანგ კურცხალია და მე როგორც ნაკრების ასისტენტი) და ნაკრების ოთხი წევრი.

 

-შეგიძლიათ აღწეროთ ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პროცესები?

-ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია როგორც მენტორებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. მთელი წლის განმავლობაში მენტორები ვატარებთ რეგულარულ მეცადინეობებს დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ქიმიის სხვადასხვა სფეროში (ორგანული ქიმია, ფიზიკური ქიმია, ანალიზური ქიმია და არაორგანული ქიმია). მეცადინეობები მოიცავს როგორც თეორიულ კურსს, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლებიც ხორციელდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთრხა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ჩვენი მოსწავლეების ხელშეწყობისთვის.

 

-როგორ მოხდა ოლიმპიადაში მონაწილე ბავშვების შერჩევა?

-ოლიმპიადაში მონაწილე ბავშვების შერჩევა რამდენიმე საფეხურს მოიცავს. პირველ რიგში საერთაშორისო ოლიმპიადის რეგულაციების მიხედვით, ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლე უნდა იყოს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა მოიცავს სამ ტურს. პირველი ტური ტარდება სკოლებში ონლაინ სისტემით. მეორე ტური უკვე ტარდება რეგიონულ ცენტრებში და მოიცავს თეორიულ ამოცანებს. მეორე ტურის დაძლევის შემდეგ მოსწავლეები უკვე ფინალურ ტურში ხვდებიან, სადაც მათ უწევთ ორი ტურის შესრულება, ერთი თეორიული და მეორე პრაქტიკული ტური, სადაც მოსწავლეები უკვე ასრულებენ ექსპერიმენტულ ამოცანებს. ფინალური ტურის შემდეგ, მოსწავლეები რომლებიც გადალახავენ 60 %-იან ბარიერს და მოხვდებიან რეიტინგული სიის 15 მოსწავლეს შორის, გადიან საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევ ორ ტურს, სადაც მათ უკვე საერთაშორისო ოლიმპიადის ფორმატის შესაბამისი დავალებების შესრულება უწევთ. შესარჩევი ტურების რეიტინგული სიის ოთხი უმაღლესი ქულის მქონე მოსწავლე ხდება ძირითადი ნაკრების წევრი, ხოლო ქულების მიხედვით შემდეგი ოთხი მონაწილე კი ნაკრების რეზერვისტი წევრი. აღსანიშნავია რომ რეზერვში მონაწილე მოსწავლეები მოსამზადებელ მეცადინეობებს გადიან ძირითად წევრებთან ერთად, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ გამოცდილება და მოემზადონ მომავალი ოლიმპიადებისთვის.

 

-რა სახის პრაქტიკული სამუშაოები გაიარეს ბავშვებმა ოლიმპიადამდე?

-ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მოსწავლეები გადიან ორკვირიან ინტენსიურ მეცადინეობებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში. ოლიმპიადამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, საერთაშორისო ოლიმპიადის სამეცნიერო კომიტეტი აგზავნის მოსამზადებელ ამოცანებს, სადაც წარმოდგენილია სავარაუდო თემები, რის ირგვლივაც შეიძლება იყოს ოლიმპიადაზე ამოცანები. მოსამზადებელი ამოცანები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. ინტენსიური მეცადინეობების პერიოდში ვმუშაობთ სამივე მენტორი და სრულად ვფარავთ ამოცანებს. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომელს, დოქტორ თეა მათითაიშვილსა და ნათია ოჩხიკიძეს, რომლებიც გვეხმარებოდნენ პრაქტიკული ამოცანების შესრულებაში.

 

-როგორ ფიქრობთ, მოსწავლეების ასეთი სახის კონკურსებში მონაწილეობა რამდენად მნიშვნელოვანია და საერთაშორისო კონკურსები საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას როგორ უწყობს ხელს?

-ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და კერძოდ კი ქიმია, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რთული საგანია. ქიმიას, ქიმიური ტექნოლოგიებს და ინჟინერიას დიდი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ მოსწავლეების დაინტერესება ამ საგნით და მათი ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სახის კონკურსებში მონაწილეობა კი მოსწავლეების მოტივაციას ამაღლებას ხელს უწყობს, უღრმავებს მათ ცოდნას და სძენს მნიშვნელოვან გამოცდილებას, რაც დაეხმარება მომავალში მათ პროფესიულ განვითარებაში. სამწუხაროდ ამ ტიპის საერთაშორისო კონკურსები ბევრი არ არის. თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ჩვენმა ნაკრებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე, აპრილში ასევე იასპარეზა მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს ჩატარდა ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში და სადაც საბა თავდგირიძემ შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება. აღნიშნულ ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მოსწავლეებმა ასევე გაიარეს რთული შესარჩევი ტური. მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობს დაახლოებით 25 ქვეყანა, ოლიმპიადა მოიცვას სამ ტურს (ორი თეორიული და ერთი პრაქტიკული) და ჩვენს მოსწავლეებს ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობამ მისცა ძალიან დიდი გამოცდილება, რაც მათ წარმატებით გამოიყენეს უკვე ტაილანდიში გამართულ ოლიმპიადაზე.

 

-მოელოდით თუ არა საქართველოს ნაკრების ასეთ წარმატებას?

-საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა ნამდვილად არ არის ადვილი, ეს არის მენტორების და მოსწავლეების ძალიან დიდი შრომის შედეგი. სხვა ქვეყნების ისტორიებს თუ გადავხედავთ და მათ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ამ ტიპის ტურნირებზე წარმატების მიღწევას 5-6 წელი მაინც სჭირდება. თუმცა საქართველოს ქიმიის ნაკრებმა ამის მიღწევა გაცილებით ნაკლებ დროში შეძლო და პირველი მედალი ჩვენს ნაკრებს გასულ წელს საქართველოში ჩატარებულ ოლიმპიადაზე მოუტანა საბა თავდგირიძემ. ეს რა თქმა უნდა უკვე ძალიან დიდი მოტივაცია იყო როგორც მენტორებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. მთელის წლის თავდაუზოგავმა შრომამ გამოიღო ეს შედეგი ჩვენ შევძელით ღირსეულად წარმოგვეჩინა საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ასევე აღსანიშნავია რომ ჩვენმა ნაკრებმა ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ. იმედი გვაქვს მომავალში კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ.

 

-როგორც ვიცი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატების გამო, ნაკრების მენტორები მადლობის სიგელით და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

-მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციას ჩვენი შრომის დაფასებისთვის. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს მოტივაციას მომავალში მიღწეული შედეგების გასაუმჯობესებლად.

 

-მომავალში რა გეგმები გაქვთ?

-მომავალში კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელებ დაინტერსებულ მოსწავლეებთან მუშაობას და მინდა ხელი შევუწყო კიდევ უფრო მეტი მოსწავლის ქიმიით დაინტერესებას.

 

- დიდი მადლობა.

ესაუბრა იბრაგიმ მამედოვი

გამოქვეყნებულია 07-08-2017