"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:1, 12-14 გვ.

ძალა ერთობაშია

ვაჟა ღავთაძე

ქიმიის მასწავლებელი, მაგისტრი, ჭიათურის რაიონის სოფ. წირქვალის საჯარო სკოლა

რეზიუმე: ნაშრომში საუბარია მიდგომაზე, რომლის მეშვეობითაც ხდება მცდელობა გავაცნო მოსწავლეებს თუ რა არის სემიოტიკური კომპეტენცია, როგორ ხდება ინფორმაციის გადატანა ნიშანთა ერთი სისტემიდან სხვა ნიშან სისტემაში. სემიოტიკური ხედვა ღრმა აზროვნებას მოითხოვს , მოსწავლეს მეტად შემოქმედებითს ხდის, სწორედ ამის გამო სემიოტიკური აზროვნების განვითარება მასწავლებლისათვის ერთ - ერთი აქტივობაა და ამიტომაც ის მუდმივად უნდა ეძებდეს გზებს თუ როგორ განუვითაროს მოსწავლეებს ასეთი ხედვა. სხვადასხვა თემების გაანალიზებით მივედი დასკვნამდე რომ სავსებით შესაძლებელია ქიმიის სფეროში მსგავსი უნარების განვითარება და თემების მეტად საინტერესოდ წარმოჩენა ვიდრე ტრადიციული სწავლებისას ხდებოდა.

საკვანძო სიტყვები: სემიოტიკური კომპეტენცია, ნიშანთა სისტემა, ალქიმიკოსი, გებერი , სამეფო წყალი, ოქრო, პლატინა

სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არაველბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების , საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი [1].

ინფორმაციის ერთი ნიშანთა სისტემიდან სხვა ნიშანთა სისტემაში გადატანა მოსწავლეთათვის ხშირად პრობლემას წარმოადგენს, ამის მიზეზი ალბათ ისაა რომ მოსწავლეებს გარკვეული მიზეზების გამო ამ კუთხით იშვიათად ან არასათანადო აქტივობებით ვამუშავებთ. სემიოტიკური კომპეტენციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით განათლების სპეციალისტები გვირჩევენ მოსწავლეთათვის ზღაპრების, იგავების, მეტამორფული ამბების გარკვეული სიხშირით თხრობასა და გაცნობას [2]. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ამბავი რომელშიც რეალურად მიმდინარე ქიმიური რეაქციები და მოვლენები გადმოცემული იქნებოდა არა სქემებითა და განტოლებებით, არამედ სახალისოდ და მისი გააზრება მოითხოვდა აღქმის, აზროვნებისა და შემეცნების სხვადასხვა ფორმას. ამისათვის IX კლასისათვის თემად შევარჩიე ნაერთთა კლასები, ელემენტთა აქტიურობის მწკრივ, ლითონები და არალითონები . დავწერე სათანადო ქიმიური რეაქციები და მათი ღრმად გააზრების საფუძველზე შევქმენი ამბავი სახელწოდებით „ძალა ერთობაშია“ [3]. ამ ამბის გაცნობამდე ზემოთ აღწერილი თემების IX კლასში გავლის შემდეგ მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში დავუსვი შემდეგი კითხვები:

„ძალა ერთობაშია“ გვსმენია ასეთი გამოთქმა? გავიხსენოთ აბა რომელი საგნიდან გვსმენია და ვისი სიტყვებია ეს? რას გულისხმობდა ავტორი? როგორ ფიქრობთ, რა მოაქვს ერთობას? განმარტოებით ყოფნას? რა შეგრძნებაა ერთიანობა? მარტოდ ყოფნა? ეს მიგნება სამართლიანი მხოლოდ ცხოვრებაშია? ქიმიაშიც ხომ არ არის სამართლიანი ზოგჯერ? მოსწავლეთა პასუხის მოსმენის შემდეგ გავაკეთე მცირე მოხსენება ამ შეკითხვების შესახებ.

ადამიანთა გაერთიანებით გუნდი მეტად ძლიერი ხდება, ისტორიას მრავლად ახსოვს ფაქტები, როდესაც ერთიანობით გაძლიერდა სახელმწიფოები, სხვადასხვა გაერთიანებები და პირიქით. ამ სიტყვების ავტორი კი არის სულხან - საბა ორბელიანი, მან დაწერა იგავ- არაკების კრებული სიბრძნე სიცრუისა, რომელშიც ერთ-ერთი არის „ძალა ერთობაშია“. ამ სიტყვების დაწერამდე როგორც ჩანს, ავტორი აკვირდებოდა ადამიანებს და მან საბოლოოდ ასეთი დასკვნა გამოიტანა. ეს კანონი ზოგჯერ ქიმიაშიც სამართლიანია, ქიმიური რეაქცია გარკვეულწილად ბრძოლას ემსგავსება, აქაც ხომ ნაწილაკთა შემოსევა, შეტევა, არსებული ბმების დაშლა და შემგომ ახალის აგებაა საჭირო. ჰოდა ერთიანობას დამეთანხმებით აქაც იგივე გავლენა უნდა ჰქონდეს, როგორც ცხოვრებაში. ქიმიურ რეაქციებს უძველესი დროიდან აკვირდებოდა მრავალი მკვლევარი. დაკვირვების შედეგად, როგორც ჩანს, ალქიმიკოსმა აბუ მუსა ჯაბირ იბნ ჰაიანმა (გებერმა) სულხან - საბა ორბელიანის მსგავსი დასკვნა გამოიტანა, ოღონდ შინაარსი მან გადმოსცა თავისებურად, რა თქმა უნდა ქიმიურად. ოქროს, პლატინასა და სამეფო წყლის ურთიერთქმედების შესწავლის შედეგად. ეს დასკვნა დღეს მიმდინარე ქიმიური რეაქციის განტოლებებით გამოისახება. ამის შემდეგ მათ გავაცანი შემდეგი ამბავი:

ადამიანმა თანდათანობით დაიწყო სხვადასხვა ქიმიური ელემენტის აღმოჩენა, მათი თვისებების შესწავლა და შესაბამისად გამოყენება, აღმოჩნდა რომ ზოგიერთ ელემენტს უფრო მეტად იყენებდა და აფასებდა. ამით ისარგებლეს ასეთმა ელემენტებმა და სხვა ელემენტების აბუჩად აგდება დაიწყეს. შეწუხებული ქიმიური ელემენტები დამოუკიდებლად ცდილობდნენ როგორმე ჭკუა ესწავლებინათ მათთვის, მაგრამ იოლად ვერ იგდებდნენ ხელში, რადგანაც ან თვითონ არ შესწევთ მათი განადგურების ძალა, ან ეჭვს იწვევდნენ ოქროსა და პლატინის თვალში თავიანთი შეფერილობის, სუნის გამო და ასეთებს ახლოს არ იკარებდნენ. გარკვეული უშედეგო მცდელობის შემდეგ ელემენტებმა კრება მოაწყვეს და გადაწყვიტეს ერთობლივად რაიმე ღონისძიება მიეღოთ, გაერთიანდა რამდენიმე ელემენტი, შექმნეს მჟავები, ოქსიდები, ტუტეები, მარილები. მრავალი მათგანი, განსაკუთრებით კი მჟავები საკმაოდ ძლიერი და აგრესიული აღმოჩნდნენ სხვადასხვა ნივთიერების მიმართ. ელემენტებს იმედი გაუჩნდათ, რომ მჟავების დახმარებით შეძლებდნენ ოქროსა და პლატინის დამორჩილებას და ჭკუის სწავლებას, მათ შექმნეს მჟავებისაგან ტბები. ოქრო და პლატინა ხშირად ბანაობდნენ წყალში და სუფთავდებოდნენ, მათ მჟავა წყლისგან ვერ გაარჩიეს და შიგნით დაიწყეს ცურვა, ელემენტებს იმედი მიეცათ, ახლა კი გვეშველა ამ მავნებლებს ჭკუას საბოლოოდ ვასწავლითო, მაგრამ მათ ამჯერადაც გაუმართლათ, მჟავები ვერ მოერივნენ. დაღონებულმა ელემენტებმა იმედი დაკარგეს და გადაწყვიტეს ბედს დამორჩილებოდნენ, ამ დროს მათ ერთი მეტად ცნობილი ალქიმიკოსი სახელად აბუ მუსა ჯაბირ იბნ ჰაიანი (გებერი) შეხვდათ, ის თავისთვის ფუსფუსებდა და რაღაცას აბოლებდა, გებერი აღრფთოვანებული დარჩა ქიმიურ ელემენტთა რაოდენობის ხილვით, მან მოისმინა მათი ჩივილი, დაფიქრდა და რჩევა მისცა თუ როგორ დაემარცხებინათ აბეზარი ლითონები. მან ელემენტებს ერთიანობისაკენ მოუწოდა და ურჩია, რომ კიდევ მეტად გაერთიანებაა საჭირო, „თქვენ ორი ძლიერი მჟავა, აზოტმჟავა და მარილმჟავა უნდა შეურიოთ გარკვეული თანაფარდობით, მიიღებთ ე.წ სამეფო წყალს, ( aqua regia) [3-5], რომელიც ოცნების ახდენაში უსათუოდ დაგეხმარებათ“ (სურ.1) [ 5].

ელემენტებმა კიდევ ერთხელ მოინდომეს, კვლავ გაერთიანდნენ, შექმნეს აზოტმჟავა და მარილმჟავა, შეურიეს თანაფარდობით 1 : 3 და ასეთი ნარევით სხვადასხვა ადგილას რამდენიმე ხელოვნური ტბა შექმნეს, ძვირფასი მეტალები კიდევ უფრო გაამაყდნენ. ისინი უკვე მჟავეებშიც უშიშრად ბანაობდნენ და სუფთავდებოდნენ, ამიტომაც დაუფიქრებლად გადაეშვნენ ახალ ტბაში, ამჯერად მათ აღარ გაუმართლათ, მჟავებსა და ლითონებს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა, მურა კვამლით დაიფარა გარემო, ლითონებმა სითხეში ბუშტების გამოყოფა დაიწყეს, მათ სხვა ელემენტებისაგან შველა ითხოვეს, მაგრამ არავინ მიეშველა. ცოტა ხანში კი საერთოდ გაუჩინარდნენ. გახარებული ელემენტები ტბის გარშემო შეგროვილიყვნენ და ზეიმობდნენ აბეზარი ლითონების მოშორებას. ამ დროს კვლავ გამოჩნდა ალქიმიკოსი გებერი და ელემენტებს შენიშვნა მისცა, უთხრა რომ ამ ლითონების განადგურება სამუდამოდ არ შეიძლება, რადგანაც ისინი ჩვენი შექმნილი არ არიან. ამასთანავე მათ უამრავი დადებითი თვისებაც აქვთ და მეტად საჭირონი არიან, დასასჯელად და ჭკუის სასწავლებლად კი ისიც კმარა, რაც მათ დაემართათ. გებერმა ელემენტები დაითანხმა ლითონების კვლავ აღდგენაზე. ელემენტებმა ალქიმიკოსს ჰკითხეს: ნუთუ მათი აღდგენა კიდევ შესაძლებელია და ვინმეს შეუძლიაო? გებერს გაეცინა და უპასუხა: შეუძლებელი არაფერია, ისინი მხოლოდ სახეშეცვლილნი არიან, მე მათ სრულად გასანადგურებლად გავიმეტებდი? მთავარი მონდომებაა, ახლა კი ამ საქმეში ზოგიერთი თქვენთაგანი, ჩვენი მონდომება და ჩემი კოლეგების გამოცდილება დაგვეხმარებაო. გებერმა ოქროს აღსადგენად ელემენტებიდან გოგირდი და ჟანგბადი შეარჩია, მიიღო გოგირდის დიოქსიდი და იმ ტბაში გაატარა რომელმაც ძვირფასი მეტალები შთანთქა, გარკვეული დროის შემდეგ ოქრო აღდგა და ტბიდან უვნებლად ამოვიდა. პლატინის აღდგენაზე კი მეტი შრომა დაჭირდა, ამისათვის მან კონცენტრირებული მარილმჟავა, მარტივი ნივთიერება ქლორი, ამიაკი და მაღალი ტემპერატურა გამოიყენა. ელემენტები გაოცებით შესცქეროდნენ გებერს, დიდმა ალქიმიკოსმა შეკრიბა ყველა ელემენტი, აღდგენილი ოქრო და პლატინა დარცხვენილნი იდგნენ და ხმას ვეღარ იღებდნენ, გებერმა მათ მიმართა: როდესაც თქვენ დაიღუპეთ თქვენს აღსადგენად სხვა ელემენტებმა თავი გაწირეს, თქვენ კი როგორ იქცეოდით უწინ? იყავით კი აღდგენის ღირსნი?

მათ პირობა დადეს, რომ აღარასოდეს დასცინებდნენ სხვა ელემენტებს და სიცოცხლის ბოლომდე ერთობით იცხოვრებდნენ. ამის შემდეგ გებერმა ყველას დიდი სიყვარულით გადაავლო თვალი, შეახსენა მათ რომ „ძალა ერთობაშია“, რომ გაერთიანებით შესაძლებელია მეტად გაძლიერება, შემდეგ კი ის ყველას დაემშვიდობა და სამუდამოდ გაუჩინარდა.

ამ ამბის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე მომავალი გაკვეთილისათვის შეასრულონ შემდეგი დავალება:

1. მოიძიონ ინფორმაცია ცნობილი ალქიმიკოსის აბუ მუსა ჯაბირ იბნ ჰაიანის (გებერის) შესახებ.
2. მოიძიონ ის რეაქციები, რომლითაც მოხდა ძვირფასი ლითონების გახსნა და შემდეგ აღდგენა
3. შეადარონ ერთმანეთს სულხან - საბას და გებერის მიერ მიღებული დასკვნა, იპოვნონ საერთო და განსხვავებული მათ შორის.

მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად მოიძიეს დავალებად მიცემული მასალა და ამის საშუალებით კიდევ უფრო ღრმად გაიაზრეს გაცნობილ ამბავში მიმდინარე ქიმიური პროცესები.

ასეთი გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებს ავუხსენი რა არის შემოქმედებითი აზროვნება, სემიოტიკური ხედვა, რომ სამომავლოდ მათგან ველოდები ცოდნის გადატანას სხვადასხვა თემებზე ნიშანთა ერთი სისტემიდან სხვა ნიშანთა სისტემაში. ამ გაკვეთილის მიზანიც სწორედ მათთვის მაგალითის მიცემა იყო, მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა გაიგო რას ვითხოვდი მათგან, აღნიშნეს რომ მსგავსი მიმართულებით სხვა თემებზე ჩატარებული გაკვეთილებიც მეტად საინტერესო, სახალისო და ეფექტური იქნება. ვფიქრობ მსგავსი ამბების შექმნა შესაძლებელია ქიმიის სხვადასხვა თემაზე, ასევე შესაძლებელია თეორიული საგნობრივი ცოდნის გადატანა სქემებსა და ნახატებშიც.

ლიტერატურა:

1. http://ncp.ge/ge/curriculum/general-part/general-part/chapter-viii-cross-cultural-competencies
2 . მასწავლებლის წიგნი, გამჭოლი კომპეტენციები -2015 , სემიოტიკური კომპეტენციები. გვ 122, გვ 134-135
3..https://en.wikipedia.org/wiki/Aqua_regia
4.http://web.mit.edu/piuska/Public/Ekaterinburg%20more/Ekaterinburg%20research/Aqua%20regia%20-%20Wikipedia.pdf
5. http://www.esotericonline.net/group/dramatis-personae-the-prominent-occultists/forum/topics/geber-jabir-ibn-mayyan-ad-721-815
6. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების ,პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. ნაწილი -II გვ 103-108.

 

 

გამოქვეყნებულია: 29-03-2017