რეზო კლდიაშვილი

rezo.kldiashvili@yahoo.com





ასევე იხილეთ

ტომი: 1, ნომერი: 1, გვ: 39-40

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 42-44 გვ.

ნერწყვის ქიმიზმი

რეზო კლდიაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი

რეზიუმე: პირის ღრუს სითხის ხარისხობრივ შემადგენლობაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეტალურმა პროტეზებმა. დამტკიცებულია რომ მეტალური შენადნობების კომპონენტებმა, პირის ღრუში დნობისას შეუძლიათ შეცვალონ პირის ღრუს სითხის მიკროელემენტები

საკვანძო სიტყვები: ნერწყვი, ჰიპოსალივაცია, ყბაყურა სანერწყვე ჯირკვალი, პარენქიმა, ფერმენტები, კარიესი

ნერწყვი – (saliva) არის სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი, რომელიც გამოიყოფა პირის ღრუში და მონაწილეობს საჭმლის მონელებასა და პირის ღრუს ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. საჭიროა განვასხვავოთ ნერწყვი, რომელსაც ვღებულობთ სანერწყვე სადინრებიდან (ყბაყურა, ყბისქვეშა, ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლებიდან) შერეული ნერწყვისაგან ანუ ე.წ. პირის ღრუს სითხისაგან. შერეული ნერწყვი განსხვავდება ჯირკვლების სეკრეტისაგან მიკროფლორის თანაარსებობით (ბაქტერიები, სოკოები, სპიროქეტები და სხვა) აგრეთვე ის შეიცავს მიკროორგანიზმებს, ცხოველმყოფელობის პროდუქტებს, დესკვამირინებულ (ჩამოფცქვნილი) ეპითელურ უჯრედებს, საკვები პროდუქტების ნარჩენებს. შერეული ნერწყვი შეიცავს ე.წ. ნერწყვის სხეულაკებს - ლეიკოციტებს, რომლებიც მიგრირებენ პირის ღრუში ღრძილის ლორწოვანი გარსიდან.

დღე-ღამეში მოზრდილი ადამიანი გამოყოფს დაახლოებით 1500 მლ ნერწყვს. დღე-ღამეში გამოყოფილი ნერწყვის საერთო რაოდენობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე (საკვების ხასიათზე და კონსისტენციაზე, გარემოს ტემპერატურაზე, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე). ასევე არაა ერთნაირი სეკრეციის სიჩქარე, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული. ასაკი (55-60 წლის ზევით ნერწყვის გამოყოფა შენელებულია), ნერვულ აგზნებადობა, საკვების გამაღიზიანებლები. ძილის დროს ნერწყვი გამოიყოფა ძალიან ნელა (0.05 მლ/წთ) სიფხიზლეში 0.5 მლ/წთ-მდე და სტიმულაციისას 2.0-2.3 მლ/წთ-ში. მშრალი საკვები ყველაზე მეტად აღიზიანებს ყბაყურა ჯირკვალს. წიწაკა და ძმარმჟავა კი ყველა სანერწყვე ჯირკვლის სეკრეციას აძლიერებს. ხანგრძლივი (2 საათიანი) სტიმულაციის დროს სანერწყვე ჯირკვლებში სეკრეტორული გრანულების რიცხვი მცირდება (რეზერვების განლევის გამო) და კლებულობს ნერწყვის გამოყოფა. ამ დროს ნერწყვში ცილების კონცენტრაციაც კლებულობს. რაც უფრო ბევრი გამოიყოფა ნერწყვი, მით ნაკლებად ზიანდება კბილები კარიესით.

ნერწყვს და პირის ღრუს სითხეს გააჩნიათ სიბლანტე და მოცულობა, რომელიც გაზომილია ოსტვალდის მეთოდით. სადინარიდან ნერწყვის მიღებისთანავე სიბლანტე შეადგენს 1.2-2.4 ერთეულს. დადგენილია, რომ პირებს რომლებთაც მომატებული აქვთ ნერწყვის სიბლანტე აღენიშნებათ კბილების ინტენსიური კარიესული დაზიანებები.

ნერწყვს ახასიათებს ბუფერული მოცულობა, რომელსაც აქვს უნარი ტუტეების და მჟავების ნეიტრალიზების და განისაზღვრება ბიკარბონატული, ფოსფატური და ცილოვანი სისტემებით. ნერწყვის ბუფერული მოცულობა იცვლება სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით. ნახშირწყლოვანი დიეტის ხანგრძლივი დაცვის შემთხვევაში ნერწყვის ბუფერული მოცულობა მცირდება, ნერწყვისა და პირის ღრუს სითხის ქიმიური შედგენილობა ნორმალურ პირობებში დღე-ღამეში გამოიყოფა საშუალოდ 1400-1500 მლ ნერწყვი. მისი სიმკვრივე შეადგენს 1.003-1.01 გ/სმ3-ს. ნერწყვი შეიცავს 99.5% წყალს და 0.5% მშრალ ნაშთს. მშრალი ნაშთიდან 0.3% მოდის ორგანულ ნივთიერებებზე, 0,2% არაორგანული ნივთიერებები შეადგენენ.

არაორგანული კომპონენტებიდან ნერწყვში არის კალციუმის მარილები, ფოსფატები, კალიუმისა და ნატრიუმის შენაერთები, ქლორიდები, ბიკარბონატები, ფტორიდები, როდანიდები და სხვა. ნერწყვში კალციუმის შემცველობა (0.12 მმოლ/ლ) დაბალია ვიდრე სისხლის პლაზმაში. კალციუმის დიდი ნაწილი არის იონიზირებულ მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენი ფოსფატთა შენაერთებში ან დაკავშირებულია ცილებთან. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ პირის ღრუს სითხეში ჰიდროქსიაპატიტების გახსნის ინტესივობა მნიშვნელოვნად იზრდება მისი pH-ის შემცირებისას. ჰიდროქსიაპატიტი კალციუმისა და ფოსფორის შემცველი მთავარი ნაერთია კბილის ქსოვილში. მისი მდგრადობა და ქიმიური შედენილობის მუდმივობა დამოკიდებულია ნერწყვში კალციუმისა და ფოსფორის შემცველობაზე, pH-ზე, ნერწყვის იონურ ძალაზე და სხვა ფაქტორებზე. ვ კ. ლეონტიევი მიიჩნევს, თუ პირის ღრუს სითხის pH 6,8-ია ის გადატვირთულია კალციუმით, თუ 6.0 ხდება აღინიშნება კალციუმის დეფიციტი. ეს მონაცემები მიუთითებს რომ უმნიშვნელო pH ცვლილებასაც შეუძლია აქტიურად მოახდინოს გავლენა ემალის დინამიური წონასწორობის შენარჩუნებაში.

ფოსფორი ნერწყვში (3.2 მმოლი/ლ) 2-ჯერ მეტი რაოდენობითაა, ვიდრე სისხლის პლაზმაში. სტიმულირებულ ნერწყვში ფოსფორი უფრო მეტია.

სხვა ელემენტებთან ერთად პირის ღრუს სითხეში აღმოჩენილია ფტორი. უმრავლესობა მეცნიერებისა თვლის, რომ მისი რაოდენობრივი შემადგენლობა მუდმივია. არსებობს აზრი, რომ პირებს რომელთაც აღენიშნებათ კბილის მრავლობითი კარიესული დაზიანება აქვთ ფტორის მნიშვნელოვნად მცირე შემცველობა.

ფერმენტები შერეულ ნერწყვში წარმოდგენილია 5 ძირითადი ჯგუფით: კარბოანჰიდრატები, ესტერაზები, პროტეოლიტური, გადამტანი ფერმენტები და შერეული ჯგუფი. დღესდღეობით პირის ღრუს სითხეში აღმოჩენილია 50 ფერმენტი. წარმოშობის მიხედვით ფერმენტებს ყოფენ 3 ჯგუფად:

  • სანერწყვე ჯირკვლის პარენქიმაში სეკრეტირებული
  • ბაქტერიის ფერმენტული მოქმედების პროცესში წარმოქმნილი
  • პირის ღრუს ლეიკოციტების დაშლის შედეგად წარმოშობილი.

ნერწყვის ფერმენტებიდან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ამილაზა, რომელიც უკვე პირის ღრუში ნაწილობრივ ახდენს ნახშირწყლების ჰიდროლიზს, გარდაქმნის მათ დექსტრინებად და მალტოზებად. ნერწყვი შეიცავს ფოსფატაზებს, ლიპაზებს, ლიზოციმს, გიალურონიდაზას, კალიკრეინს, რნმაზასა და დნმაზას და სხვა.

ნერწყვის ფუნქციები. ნერწყვის ფუნქციები მრავალნაირია და ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში. ცნობილია რომ ჰიპოსალივაციის დადგომისას განსაკუთრებით კსეროსტომიისას (ნერწყვის არარსებობა) სწრაფად ვითარდება პირის ღრუს ლორწოვანის დაავადება, 3-6 თვის შემდეგ იწყება კბილების მრავლობითი დაზიანება კარიესით. ამასთან ერთად ვითარდება საკვების გადამუშავების (ღეჭვის) და ყლაპვის გაძნელება.

ნერწყვი ასრულებს რიგ ფუნქციებს, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ მინერალიზაციის, დამცველობითი და გამწმენდი ფუნქციები. მინერალიზაციის ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ ნერწყვი განაპირობებს კბილის მინერალური ჰომეოსტაზის შენარჩუნებას, ხელს უწყობს კბილის ამოსვლის შემდეგ მინანქრის “მომწიფებას”. კბილის მინანქრის დაზიანების შემთხვევაში ნერწყვის საშუალებით ხდება მისი მთლიანობის აღდგენა და სხვა. მინერალიზაცია-დემინერალიზაციის პროცესები განაპირობებს კბილის მინანქარსა და ნერწყვს შორის არსებულ დინამიკურ წონასწორობას. დამცველობითი ფუნქცია გამოიხატება ნერწყვის მრავლობითი თვისებებით. დატენიანება და ლორწოვანი ფენის (მუცინი) დაფარვით პირის ღრუს გარსის. იცავს მას გამოშრობისაგან, ნახეთქების წარმოქმნისაგან და მექანიკური გამაღიზიანებლების ზემოქმედებისაგან. დამცველობითი ფუნქცია ასევე კბილის და ლორწოვანი გარსის გაწმენდით (ჩამორეცხვით) მიკროორგანიზმებისაგან და ცხოველქმედების პროდუქტებისაგან, საკვების ნარჩენებისაგან. მნიშვნელოვანია ამ დროს ნერწყვის ბაქტერიოციდული თვისება რომელიც ხორციელდება ფერმეტების (ლიზოციმი, ლიპაზა, რნმაზა, დნმ-აზა), ოპსინინების, ლეიკინების ზემოქმედებით. ნერწყვი შეიცავს თრომბოპლასტებს, ანტიგეპარინულ სუბსტანციებს, პროტრომბინს, ფიბრინოლიზის აქტივატორებსა და ინჰიბიტორებს. ეს ნივთიერებები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში, დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის პროცესის გაუმჯობესებაში.

ნერწყვის ბუფერული მოცულობა ასევე ასრულებს დამცველობითი მექანიზმის ფუნქციას პირის ღრუში ვინაიდან ახდენს პირის ღრუში მოხვედრილი მჟავებისა და ტუტეების ნეიტრალიზაციას. პირის ღრუს სითხე ასე ასრულებს მნიშვნელოვან როლს კბილის ემალის შემადგენლობის შენარჩუნებაში.

ნერწყვის საჭმლის მომნელებელი ფუნქცია გამოიხატება საკვების გუნდის ფორმირებაში და მის გადაყლაპვაში. გარდა ამისა ამილაზასა და მალტოზას არსებობა ნერწყვში ახდენს უკვე გადამუშავებულ საკვებში ნახშირწყლების ფერმენტაციას. ნერწყვში გალღობილი საკვები პროდუქტები მოქმედებენ გემოვნების ანალიზატორებზე, რაც ახდენს გავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებებზე.

მაშასადამე ნერწყვი და პირის ღრუს სითხეც. ეს არის ლაბილური გარემო და მის რაოდენობრივ და ხარისხობრივ თვისებებზე ახდენენ გავლენას სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის მნიშვნელოვანია ორგანიზმის საერთო მდგომარეობა. ასაკთან ერთად ყბაყურა სანერწყვე ჯირკვალის ფუნქცია ქვეითდება, მის შემადგენლობაში მცირდება ქლორის რაოდენობა, ხოლო კალციუმის მნიშვნელოვნად იზრდება. ნერწყვის გამოყოფა იცვლება სხვადასხვა დაავადებების მიხედვით. მაგალითად ჰეპატოქოლეცისტიტის დროს ხდება ჰიპოსალივაცია და ავადმყოფები უჩივიან პირის ღრუს სიმშრალეს. კუჭის წყლულის, ჭიების ინვაზიის, ორსულობის ტოქსიკოზის დროს ხდება ნერწყვის ჭარბი გამოყოფა. შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის რაოდენობა ნერწყვში იზრდება.

მნიშვნელოვან გავლენას პირის ღრუს სითხის შემადგენლობაზე და თვისებებზე ახდენენ პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობა.პირის ღრუს ცუდი მოვლისას იზრდება კბილებზე ნადები, აქტიურდებიან სხვადასხვა ფერმენტები. ხდება მიკროფლორის სწრაფი გამრავლება, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის (განსაკუთრებით ნახშირწყლების ხშირი მიღებისას) ორგანული მჟავების პროდუცირებისათვის და იწვევს წყალბადის იონების კონცეტრაციის შეცვლას.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ პირის ღრუს სითხის ხარისხობრივ შემადგენლობაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეტალურმა პროტეზებმა. დამტკიცებულია რომ მეტალური შენადნობების კომპონენტებმა, პირის ღრუში დნობისას შეუძლიათ შეცვალონ პირის ღრუს სითხის მიკროელემენტები.

 

გამოქვეყნებულია: 19-04-2013