ალექსანდრე ბახტაძე

alex.lekso.bakhtadze@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:4, 8-9 გვ.

მე და ქიმია

ალექსანდრე ბახტაძე

რეზიუმე: ყველა ელემენტს განსაზღვრული ადგილი აქვს პერიოდულ სისტემაში, ჰოდა, მეც მგონია, რომ მოსწავლეებს თავიანთი ადგილის პოვნაში უნდა დავეხმარო...

საკვანძო სიტყვები: ქიმია, პირველი გაკვეთილი, სწავლება

პირველი შეხვედრა ქიმიასთან

            ჩემი ბავშვობა, ბევრ კარგ მოგონებასთან ერთად, ტკბილეულსა და შოკოლადთან (იმ დროს თურქული შოკოლადების ხანა იყო. აღარ მძვინვარებდა რუსული ცეცხლი... ოთხომოცდაათიანების, პოსტსაბჭოთა ეპოქის შვილი ვარ...) ასოცირდება. სწორედ ამ დროს გავიგე სიტყვა „ქიმია“ პირველად... ყველანაირ გემრიელობას, ანუ, ჩემი აზრით, „საბავშვო საკვებს“ გვიკრძალავდნენ... „როგორ შეიძლება ამის ჭამა - ქიმიაა“ (ჩემი მშობლები „ხიმიას“ ამბოდნენ)... და, რა უნდა მექნა?! მიყვარდა მე ეს ქიმია და ძალიან ბევრჯერ, უჩუმრად, წავსულვარ მაღაზიაში „ქიმიების“ საყიდლად...

ქიმია, როგორც საგანი

მეშვიდე კლასში გადავედი. გაკვეთილების ცხრილში წერია საგანი - ქიმია. არა, შოკოლადების დეგუსტაციის გაკვეთილი ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ სულმოუთქმელად ველოდებოდი ქიმიის პირველ გაკვეთილს... და, აი, დადგა ეს დღეც... საუკეთესო მასწავლებელი მყავდა, ყველაფერი ისეთი საინტერესო, უცხო და მშვენიერი იყო - მინდოდა, არასდროს დამთავრებულიყო ეს 45 წუთი, ზარის ხმამ ყველაფერი გააფუჭა... უი, პირველი გაკვეთილიდან მიღებული შთაბეჭდილებებით ღამე სიცხემ ამიწია, მაგრამ სკოლა, რასაკვირველია, არ გავაცდინე - მეორე დღესაც ქიმიის გაკვეთილი მქონდა. ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება ჩემს მომავალ პროფესიაზე.

ქიმია - ჩემი პროფესია

          ალბათ მეცხრე კლასში ვიყავი, ქიმიკოსობა რომ გადავწყვიტე და მას შემდეგ არ მახსოვს არცერთი დღე სხვა პროფესიაზე, მეფიქროს. ერთანაირად ვსწავლობდი ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებს. ლიტერატურაც ძალიან მიყვარდა და მათემატიკაც. მაგრამ ატომში შესვლა და უხილავ სამყაროში მოგზაურობა ვარჩიე, ფილოსოფიურ წიაღსვლებში „ბოდიალს“... მას შემდეგ, ქიმია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია...

            დიდი ზეიმით ჩავაბარე უნივერსიტეტში, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო დიდი მქონდა - მინიმუმ საკუთარი ლაბორატორია უნდა გამეხსნა. მაგრამ მალევე მივხვიდი, რომ მთელი ცხოვრება ლაბორატორიაში ვერ ვიქნებოდი „გამომწყვდეული“ და, ქიმიის უსაზღვრო სიყვარულის მიუხედავად, მთელ ცხოვრებას სინჯარებთან და კოლბებთან ვერ გავატარებდი. მთელი ის პერიოდი, რაც ქიმიკოსად, სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებში, ვიმუშავე - სულ მქონდა განცდა, რომ სხვა რაღაცის კეთება მინდოდა, მაგრამ ქიმიას არ უნდა მოვშორებოდი! ასე მივედი იქ სადაც დღეს ვარ! ო, მე ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მაქვს (ნუ, ქიმიკოსობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ...) - მე მასწავლებელი ვარ - ქიმიის მასწავლებელი!

            მასწავლებლობის გადაწყვეტილება სპონტანური და უეცარი ნამდვილად არ ყოფილა, სანამ სკოლაში დავიწყებდი მუშაობას კერძო რეპეტიტორი ვიყავი (სკოლის ასაკიდანვე). ლაპარაკი და ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა... ვიღაცამ მკითხა, რა მოგწონს მასწავლებლობაშიო? დავფიქრდი და ძალიან ეგოისტური, მაგრამ მართალი პასუხი გავეცი, - საკუთარი თავი მომწონს საგაკვეთილო პროცესში-მეთქი... ჰოდა, სანამ დილით ადრე გაღვიძება და სკოლაში ბედნიერი მისვლა არ მომბეზრდება, სხვა საქმეზე არც მეფიქრება.

            ვერცერთი მეცნიერება ვერ გააბედნიერებს ადამიანს ქიმიის გარდა“ -ჭეშმარიტებაა! ამ ფრაზით ვიწყებ ყოველ ახალ კლასთან გაკვეთილს. ვფიქრობ, მასწავლებლის მიზანი სწორედ ისაა, თავისი საგნის სწავლებით, მოსწავლის ცხოვრება უფრო ბედნიერი და საინტერესო გახადოს... ყველა ელემენტს განსაზღვრული ადგილი აქვს პერიოდულ სისტემაში, ჰოდა, მეც მგონია, რომ მოსწავლეებს თავიანთი ადგილის პოვნაში უნდა დავეხმარო... სად ურჩევნიათ ყოფნა - ტუტე მეტალების ადგილას, ზეაქტიურებსა და „ელექტრონდაკარგულებს“ თუ ჰალოგენების რიგში - „ელექტრონმოპოვებულებს“. იქნებ ჰალკოგენობა ან პნიქტოგენობა სურს ვინმეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, რომ ქიმია იძლევა არჩევანის აბსოლუტურ თავისუფლებას. არ განსჯის ელემენტს და ელემენტთა ჯგუფს, ის უბრალოდ გიყვება მისი ბუნების შესახებ, გეუბნება როგორი ტიპის, როგორი ხასიათის ნაერთს წარმოქმნის... გაჩვენებს რატომ ურთიერთქმედებს ნივთიერებები ერთმანეთთან და რატომ არ იჭერენ ერთმანეთთან საქმეს...

            შეიძლება ჩემი მოსწავლეები ქიმიკოსები არ გახდნენ, მაგრამ ქიმიის გაკვეთილებს ზიზღით ნამდვილად არ გაიხსენებენ. ჩემს მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ სიტყვა ქიმია კაცობრიობის ნგრევასთან და გარემოს დანაგვიანებასთან არაა დაკავშირებული... ჩემს მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ ყველაფერი რასაც ვეხებით, ვგრძნობთ ან ვერ ვგრძნობთ, მაგრამ არსებობას ვამტკიცებთ - ქიმიაა... ჩემი მოსწავლეები ყველანაირ თეორიას პრაქტიკული ცდით დაამტკიცებენ - ბრმად და გაუაზრებლად არაფერს არ ირწმუნებენ... ჰოდა, ქიმიის ბაგრატიონისეული განმარტების არ იყოს, რომ „ ქიმია არის ხელოვნება, რომლის ძალით ვპოვებთ ყოველსა თვისებასა ყოველთა სხეულისასა... და ვსცნობთ ნივთთა მათ, რომელთაგანაც შედგმულ არს სხეული“, პედაგოგიკის მიზანიც ყველაფრის გამორკვევა და ახსნაა- თანაც, ყოველმხრივ განვითარებული მოქალაქის აღზრდის საკითხს აყენებს პირველ ადგილას!

 

აი, მრავალი წლის შემდეგ, როცა განვითარებულ, სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებულ, ჩემს ყოფილ მოსწავლეებს შევხვდები, ალბათ, საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ ქიმიამ, პედაგოგიკამ და მე - მოვახერხეთ ძალიან კარგი საქმის გაკეთება - მოქალაქეების ჩამოყალიბება! და რა მნიშვნელობა აქვს, ეს მოსწავლეები - ექიმები, ქიმიკოსები, მასწავლებლები, მუსიკოსები, მძღოლები, მაღაზიის კონსულტანტები, მკვლევრები თუ ფარმაცევტები იქნებიან! მიზანი მიღწეულია - ისინი მოქალაქეები არიან, მათ იპოვეს საკუთარი ადგილი პერიოდულ სისტემაში...

„მიზანი ამართლებს საშუალებასო“ - სადავო ამბავია, ღმერთმანი. მაგრამ ქიმია ნამდვილად ამართლებს, ცხოვრებას ამარტივებს, ფაქტობრივად, ყველა კითხვას პასუხს სცემს და საზოგადო-სამეცნიერო ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოვყავართ!

ბოლოს რომ არ დავწერო, ალბათ, არ ვიქნები მართალი: საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის შემიძლია მადლობის გადახდა, მაგრამ ახლა, ყველაზე მეტად, ჩემი ქიმიის პირველ მასწავლებელს უნდა გამოვუტყდე სიყვარულში. ძალიან დიდი მადლობა ზაირა ჯანელიძეს ყველა გაკვეთილისთვის, - ეს იყო საოცრება! ძალიან დიდი მადლობა ჩემი პროფესიისთვის!

 

გამოქვეყნებულია: 24-12-2019