თამარ ჩითინაშვილი

სტუდენტი, მეოთხე კურსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

tamar.chitinashvili@mail.ru





ტომი: 3, ნომერი: 1, გვ: 26-28

ტომი: 3, ნომერი: 2, გვ: 35-37

ტომი: 1, ნომერი: 1, გვ: 16-16

ტომი: 1, ნომერი: 1, გვ: 45-54

 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 20-21 გვ.

საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოება

თამარ ჩითინაშვილი

რეზიუმე: სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ამ დაცულობის ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოება. მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა (ბუნებრივი, შემთხვევითი/ადამიანური შეცდომით გამოწვეული და კრიმინალური ფაქტორები), ქბრბ ინციდენტები, მასშტაბებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის.

საკვანძო სიტყვები: უსაფრთხოება, ქიმიური, ბირთვული, რადიოლოგიური, ბიოლოგიური, მრექველობა.



ქბრბ რისკებისა და საფრთხეების შემცირება მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ქბრბ საფრთხეების კუთხით, საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონი საკმაოდ არასტაბილურია. სომხეთში განთავსებულია ატომური ელექტროსადგური, რომელიც მოძველებული ტექნოლოგიებისა და სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობის გამო გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. ქვეყნისა და რეგიონის ტერიტორიაზე განთავსებულია მრავალი მიტოვებული/უკონტროლო ობიექტი, სადაც დღესაც შესაძლოა მოიპოვებოდეს რადიოაქტიური თუ ქიმიური საფრთხის შემცველი ნივთიერებები. აქედან გამომდინარე, უნდა განიხილებოდეს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარედან მოსალოდნელი საფრთხეები. ქვეყანაში განთავსებულია ყოფილი საბჭოთა სამხედრო და სამეცნიერო დანიშნულების რამდენიმე მცირე ობიექტი, რადიოაქტიური და ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილები, ბიოლოგიური პროფილის დაწესებულებები.

ქვეყანაში ქიმიური მრეწველობის არსებობა გარკვეულწილად ქმნის ქიმიური ინციდენტების წარმოქმნის საშიშროებას. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (განსაკუთრებით, ღია წესით) ტექნოგენური ინციდენტების მძლავრი პოტენციური წყაროა. ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული მიტოვებული ობიექტები. მათზე არასათანადო კონტროლის გამო, შესაძლებელია ქიმიური საფრთხის შემცველი ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება (მაგ: გაჟონვა) ან/და მათი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს გვამური მასალის, მჟავების, ტუტეების და კონტეინერების უტილიზაციასთან დაკავშირებული შეფერხებები.

რაც შეეხება ბიოლოგიურ საფრთხეებს, ეპიდემიის, ისევე როგორც პანდემიის, პოტენციალის მქონე ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე საკმაოდ რეალურია და ხასიათდება მზარდი ტენდენციით. გარდა ამისა, ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებები, სულ მცირე, ისეთივე ზიანის მომტანია, როგორც ბუნებრივი გზით წარმოშობილი ინფექციები.

ადამიანის საარსებო გარემოს ერთ–ერთი პარამეტრია გარემოს რადიაციული ფონი, რომელიც წარმოადგენს კოსმოსური გამოსხივებისა და ნიადაგში არსებული ბუნებრივი რადიონუკლიდებიდან (კალიუმი, რადიუმი, ურანი, თორიუმი და სხვა) წარმოქმნილი გამოსხივების ჯამურ მნიშვნელობას დედამიწის კონკრეტულ არეალში. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან, გარემოს რადიაციული ფონი პერიოდულად იცვლება, რაც ძირითადად განპირობებულია ბირთვული იარაღის გამოცდით, ასევე, მსოფლიოში ბირთვული ტექნოლოგიების ინტენსიურ განვითარებასთან დაკავშირებული ინციდენტებით, ავარიებით და კატასტროფებით.

არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდა სტრატეგიული, მეთოდური გეგმა უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარების თვალსაზრისით. რისკის ან საფრთხის შემცველი ნებისმიერი კერა ან ობიექტი, სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება მუდმივ კონტროლს და მონიტორინგს.

საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და კონფლიქტის კერებთან სიახლოვის გამო, სახელმწიფოში არსებობს აღნიშნული მასალების უკანონო შემოტანის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისთვის გამოყენების რისკიც. ამ კუთხით ხელსაყრელი გარემოს ქმნის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობაც, სადაც დღემდე ვერ ხერხდება, არადა აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების სტრუქტურები ხშირად საუბრობენ ისლამისტების მიერ ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული ტერორიზმის შესაძლებლობასა და ალბათობაზე.

ეს არის გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ აუცილებელია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ძალისხმევა შესაბამისი საფრთხეების პრევენციისა და გამოვლენის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით.

ქბრბ უსაფრთხოების სფეროში საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და მიაღწია სერიოზულ წარმატებას. მთავრობის მეირ ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა, შეიქმნა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს. საბჭოს ფარგლებში და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, შემუშავდა და დამტკიცდა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. სუს-ი კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას.

2015 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფილიპინებისა და მაროკოს მთავრობებთან ერთად, შეიქმნა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების მმართველობის შესახებ გაერო-ს მეგობართა ჯგუფი“ (UN Group of Friends on CBRN Risk Mitigation and Security Governance). 2015 წლის 8 დეკემბერს, გაერო-ში საქართველოს მისიის თავმჯდომარეობით, გაიმართა ჯგუფის პირველი დამფუძნებელი სხდომა, რომელსაც 27 წევრი ქვეყანა ესწრებოდა.

სუს-ისთვის, ასევე, პრიორიტეტულია საქართველოს გაწევრიანება დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობაში. საქართველოს მთავარი პარტნიორი ბირთვული გაუვრცელებლობისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში არის აშშ.

სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე, ქვეყანაში მატულობს მგზავრთა ნაკადი და ტვირთბრუნვა. ეს კი, თავის მხრივ, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფების დაინტერესების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთის სფეროში, სამსახური უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან ხელმოწერილი ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმის (Joint Document of US and Georgian Delegations on Georgia’s Priority Needs To Improve Its Capabilities to Combat Nuclear Smuggling) შესრულებას.

  

ლიტერატურა:

1. https://www.radiotavisupleba.ge/a/თბილისის-ჰაერში-ტყვიის-შემცველობა-გამოვლინდა/29488445.html
2. http://physics.aidio.net/index.php/18-teoria/99-radiaqtioba
3. https://www.daf.qld.gov.au/__data/assets/pdf_file/0008/69407/IPA-Zinc-Phosphide-PA3.pdf
4. http://www.trt.net.tr/georgian/programebi/2015/02/04/radioak-tiuri-dabinz-ureba-gadac-ema-amis-c-odna-sasargebloa-5-2015-211064.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 07-11-2018