მემატიანე

ომარ მუკბანიანი

ძალიან ძნელია შეეგუო აზრს, რომ აღარ არის ცოცხალი ადამიანი, რომლის ავადმყოფობა არასდროს გაგიგონია, სულ გესმოდა მის ირგვლივ მოუშავე ადამიანებისაგან მისი ქება დიდ ენერგიასა და დაუღალავ შრომაზე და ამასთანავე  მომთხოვნელობაზე. ასეთი იყო ომარ მუკბანიანი. მან არ იცოდა რა იყო დაღლა. არ შევეხები მის ტიტულებს. ჩემთვის ის იყო მუდამ მომღიმარე ომარ მუკბანიანი, რომელმაც იცოდა საქმიანი საუბარიც და სახუმარო ამბის მოყოლაც, რის შემდეგ მისგან მიდიოდი ძალზედ კმაყოფილი და სამოქმედო  იდეებით აღსავსე. შეუდარებელი იყო ომარი, როგორც ორგანიზატორი და ამასთანავე დამაარსებელიც, კავკასიის საერთაშორისო კონფერენციის პოლიმერებსა და მოწინავე მასალების საქმეში. სულ მან უხელმძღვანელა 7 კონფერენციას და ყველა ეს კონფერენცია ტარდებოდა მაღალ დონეზე, რასაც უცხოელი მეცნიერები ყოველთვის აღნიშნავდნენ. ჩემის აზრით მომავალ კონფერენციას ომარ მუკბანიანის სახელი უნდა ეწოდოს. მან ეს თავისი მოღვაწეობით დაიმსახურა.

 არ შემიძლია არ შევეხო ჩემსა და ომარის შორის სამეცნიერო ურთიერთობას. მან მოავლინა ჩემთან 2002 წელს გიორგი ტიტვინიძე, რომელმაც შეასრულა წარმატებით სამუშაო პოლიმერული კომპოზიტების შემუშავების საქმეში. ასევე ომარმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემი ქალიშვილის ლია გვენცაძის, როგორც კარგი ქიმიკოსის ჩამოყალიბების საქმეში.  ქიმიურმა საზოგადოებამ  და საერთოდ საქართველომ დაკარგა საუკეთესო მამულიშვილი და საზოგადო მოღვაწე. მას კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო, მაგრამ არ დასცალდა.

ომარ, მუდამ გვემახსოვრები.

ავტორი: დავით გვენცაძე,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი